საირმეში აფხაზეთიდან დევნილი შშმ ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის პროექტი – „შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს“ განხორციელდა

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები დაუნის სინდრომზე ცნობადობის ამაღლების ღონისძიებებით აღნიშნავენ. ამ დღესთან დაკავშირებით „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მომსახურების სააგენტომ“ საირმეში აფხაზეთიდან დევნილი, შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის 2-დღიანი პროექტი – „შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს“ განახორციელა.

ღონისძიების ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხების ექსპერტ-კონსულტანტმა მაკა ჭანკვეტაძემ მშობლებს თემატური ტრენინგები ჩაუტარა, ხოლო ბავშვებისთვის სხვადასხვა აქტივობები განხორციელდა.

პროექტის დასკვნით ღონისძიებას აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია, მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, სამინისტროს იმერეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ნათია კოპალიანი და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მომსახურების სააგენტოს დირექტორი სალომე დოლიძე ესწრებოდნენ, რომლებმაც ბავშვებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

„სასიამოვნო, თბილი და პოზიტიური განცდებია აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებთან და მათ მშობლებთან შეხვედრა, შთაბეჭდილებების გაცნობა და განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო მათი აქტიურობა, პროექტით დაინტერესება და ჩართულობის მაღალი სურვილი.

გარდა იმისა, რომ პროექტით დაგეგმილი აქტივობების მიზანია დევნილი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და შეზღუდულ შესაძლებლობებზე ჯანსაღი მიდგომების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, ვფიქრობ მსგავსი ტიპის გასვლითი ღონისძიებებით უფრო მეტად მოვახდენთ ჩვენი დევნილი მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების გახალისებასა და მათი სოციალური ურთიერთობების გაღრმავებას.

ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი აფხაზეთიდან დევნილი, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილად ჩართვის ხელშეწყობაა და აღვნიშნავ, რომ მსგავსი ღონისძიებები არ იქნება ერთჯერადი ხასიათის და მომავალშიც გავაგრძელებთ აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მხარდამჭერი აქტივობების განხორციელებას“, – განაცხადა დავით ფაცაციამ.

პროექტში 40-მდე აფხაზეთიდან დევნილმა ბავშვმა და მშობელმა მიიღო მონაწილეობა და მისი მიზანია დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღნიშვნა, შეზღუდულ შესაძლებლობებზე ცნობიერების ამაღლება, ახალი და ჯანსაღი მიდგომების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები