“Epic Games” თამაშის “Fortnite”-ის ახალი სეზონიდან მთელ შემოსავალს უკრაინაში ომის შედეგად დაზარალებულებს ჰუმანიტარული დახმარებისთვის გადასცემს
ამერიკული ვიდეო-თამაშების შემქმნელი “Epic Games” (ცნობილი Gears of War, Fortnite და Unreal Tournament-ით) 20 მარტიდან 3 აპრილამდე შეგროვებულ Fortnite-ის მთელ შემოსავალს უკრაინაში ომის შედეგად დაზარალებულებს პუმანიტარული დახმარებისთვის გადასცემს.
ამის შესახებ კომპანია განცხადებას ავრცელებს.
„Epic 2022 წლის 20 მარტიდან 2022 წლის 3 აპრილამდე Fortnite-ის ყველა შემოსავალს ჰუმანიტარული დახმარების სახით უკრაინაში ომის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს გადასცემს.
Xbox აპირებს მონაწილეობა მიიღოს ამ აქციაში და შესწიროს Fortnite-დან მიღებული მთელი შემოსავალი ამ პერიოდის განმავლობაში, ასე რომ ერთად შევძლებთ მეტი თანხის მოზიდვას“, – აცხადებენ კომპანიაში.
Epic Games-მა დაასახელა ის ორგანიზაციები, რომლებსაც თანხა გადაეცემა – UNICEF, Direct Relief, World Food Program და UNHCR (გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი), სია უახლოეს კვირებში გაფართოვდება.
კომპანიაში დასძინეს, რომ თანხებს „უმოკლეს დროში“ გადარიცხავენ.
Fortnite ყველაზე პოპულარულია ახალგაზრდებში, 400 მილიონი ადამიანი თამაშობს მთელ მსოფლიოში, აღნიშნა უკრაინის ციფრული განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელმა მიხაილ ფედოროვმა.
„კომპანიის მთავარი მიზანია მოჰყვეს იმ სასტიკი ომის შესახებ, რომელიც ახლა ხდება და აჩვენოს რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შედეგები. მადლობა Epic Games-ის გუნდს შესანიშნავი ინიციატივისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისთვის“, – წერს მინისტრი.