ავტორიზაციის გარეშე სკოლის გახსნა შეუძლებელია
„იმისათვის, რომ სკოლამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის სტატუსი მოიპოვოს ამისათვის მან უნდა მომართოს სამინისტროს და გაიაროს ავტორიზაცია, რაც ბუნებაში არ მომხდარა“, – განაცხადეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ბათუმში რუსული სკოლის შესაძლო გახსნასთან დაკავშირებით ჩვენს მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ.
„იმისათვის, რომ დაწესებულებამ მოიპოვოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის სტატუსი, უნდა გაიაროს ავტორიზაციის პროცედურა. ავტორიზაციის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას ახორციელებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. ქ. ბათუმში რუსული სკოლის გახსნასთან დაკავშირებით არც საავტორიზაციო განაცხადით და ასევე, არც კონსულტაციის თაობაზე არ მოუმართავთ დაინტერესებულ პირებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის“, – განგვიცხადეს სამინისტროში.