ლევან ჟორჟოლიანი: „კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესი გრძელდება“
თბილისის საკრებულოს სხდომაზე კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის შესახებ მორიგი გადაწყვეტილება მიიღეს.
როგორც საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, მუნიციპალიტეტი აგრძელებს დაზარალებული პირების ბინებით დაკმაყოფილების პროცესს.
„სხდომაზე განვიხილეთ ინვესტორის მიერ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის 900 კვადრატული მეტრი ფართის გადმოცემის საკითხი, რომელსაც ინვესტორი მუნიციპალიტეტს მიწის სანაცვლოდ გადასცემს. ეს მიწის ნაკვეთი რომელიც ასევე ქალაქმა გამოყო და შემდგომში ინვესტორის მხრიდან მოხდება ამ ფართის – 900 კვადრატის განაწილება კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებზე. ჩვენ ვცდილობთ, ყოველი სხდომა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა რაოდენობა, რომლებიც უკვე 30 წელის ელოდებიან ბინებს,“- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
მისი ინფორმაციით, საბინაო-სამშენებლო კოოპერატივებით დაზარალებული სულ 3000 ოჯახია, აქედან 2200-მდე საცხოვრებელი ფართებით უკვე დაკმაყოფილდა და 800 ოჯახი დარჩა.