“მარიუპოლის თეატრის ნანგრევებში 1300-ზე მეტი ადამიანი რჩება” – უკრაინის სახალხო დამცველი
მარიუპოლის დრამატული თეატრის ნანგრევებში 1300-ზე მეტი ადამიანი რჩება, – განაცხადა უკრაინის სახალხო დამცველმა, ლუდმილა დენისოვამ.
„ამ დროისთვის ვიცით, რომ 130 ადამიანია გაყვანილი, მაგრამ, ჩვენი მონაცემებით, 1300-ზე მეტი ადამიანია იმ სარდაფებში, თავშესაფარში. ვლოცულობთ, რომ ყველა ცოცხალი იყოს, მაგრამ ამ დროისთვის მათ შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს”, – განაცხადა დენისოვამ.
მისივე თქმით, სამაშველო სამუშაოები გრძელდება, თუმცა, სხვა დეტალები, ჯერჯერობით, არ არსებობს.
მისივე თქმით, ქალაქის სახლების დაახლოებით 70% დანგრეულია, მათი ნაწილის აღდგენა შეუძლებელია, რაც მსხვერპლის სავარაუდო დიდ რაოდენობაზე მიუთითებს.
„მთელი ინფრასტრუქტურა დანგრეულია, აუცილებელია ჰუმანიტარული დახმარების მიტანა, რადგან ხალხი უკვე მე-17 დღეა, სარდაფებშია საკვების, პროდუქტის გარეშე, არ არის საკმარისი პური, არაფერი. ამიტომ, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ იყოს მიღწეული შეთანხმება ჰუმანიტარული დახმარების გადაცემის შესახებ“, – განაცხადა დენისოვამ.