DDoS შეტევების რაოდენობა მსოფლიოში 4,5-ჯერ გაიზარდა

2021 წლის მეოთხე კვარტალში, „კასპერსკის ლაბორატორიის“ DDoS Intelligence სისტემამ დააფიქსირა 86,710 DDoS შეტევა (ისეთი დანაწილებული ტიპის შეტევა, როგორიცაა მაგალითად „უარი მომსახურებაზე“).

ეს მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 52%-ით, ხოლო 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,5-ჯერ გაიზარდა. კომპანიის ექსპერტები მესამე კვარტალთან შედარებით DDoS თავდასხმების რაოდენობის ზრდას ტრადიციულ სეზონურ რყევად მიიჩნევენ: „წლის ბოლოსთვის ცხოვრება ზოგადად ჩქარდება და ეს გავლენას ახდენს DDoS ბაზარზე: ძლიერდება კონკურენცია საცალო ვაჭრობაში, იწყება გამოცდები სკოლის მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის, სხვადასხვა აქტივისტები იწყებენ კამპანიებს – ეს ყველაფერი იწვევს თავდასხმების რაოდენობის ზრდას. გარდა ამისა, DDoS ბაზრის მოცულობა კრიპტოვალუტის ბაზრის უკუპროპორციულია. ეს გამოწვეულია იმით, რომ DDoS-ისა და კრიპტოვალუტის მაინინგის ორგანიზების შესაძლებლობები, თუმცა არა მთლიანად, ურთიერთშემცვლელია, ამიტომ ბოტნეტების მფლობელები მიდრეკილნი არიან გადაამისამართონ ენერგია მაინინგზე, როდესაც კრიპტოვალუტა იზრდება და DDoS-ზე – როდესაც ის ეცემა.

მეოთხე კვარტალში ჩვენ ზუსტად ეს შევამჩნიეთ: DDoS შეტევების რაოდენობის ზრდა კრიპტოვალუტების ღირებულების მკვეთრი ვარდნის ფონზე“, – აცხადებენ ექსპერტები. რაც შეეხება ოთხნახევარჯერ ზრდას 2020 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, კომპანიის ცნობით, 2021 წლის მეოთხე კვარტალში რეკორდულად მაღალი მაჩვენებლებისგან განსხვავებით, ერთი წლით ადრე ისინი რეკორდულად დაბალი იყო. ერთი წლის წინ იყო დღევანდელის საპირისპირო სიტუაცია: DDoS ბაზრის დაცემა კრიპტოვალუტებზე ფასების მკვეთრი ზრდის ფონზე. ფაქტობრივად, მთელი ამ წლის განმავლობაში DDoS ბაზარი თანდათან აღდგა ამ კოლაფსიდან, აქედან გამომდინარეობს მისი ასეთი შთამბეჭდავი ზრდა.

მეოთხე კვარტალში, ისევე როგორც ადრე 2021 წელს, DDoS შეტევების უმეტესი ნაწილი მიმართული იყო შეერთებულ შტატებში მდებარე რესურსებზე (43,55%). მეტიც, კვლავ გაიზარდა ამ ქვეყნის წილი თავდასხმების გეოგრაფიულ განაწილებაში. მეორე ადგილზე ჩინეთი (9,96%) დაბრუნდა, რაც წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით 2,22 პროცენტული პუნქტით მეტია, ხოლო მესამე ადგილი ჩინეთის სპეციალურ ადმინისტრაციულმა რეგიონმა ჰონგ კონგმა (8,80%) დაიკავა: მისი წილი შემცირდა ერთნახევარჯერ მეტად, წინა კვარტალთან შედარებით.

მეოთხე კვარტალში აქტიური ბოტნეტების ბრძანებისა და კონტროლის სერვერების უმეტესობა განთავსდა აშშ-ში (46,49%), რომელთა წილი წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით გაიზარდა 3,05 პროცენტული პუნქტით. ნიდერლანდებმა (10,17%) და გერმანიამ (7,02%) ადგილები გაცვალეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები