თინა ხიდაშელი: ზელენსკის მოსმენა სიმბოლური ჟესტია, რომელიც ქვეყანას პრესტიჟის დასაბრუნებლად სჭირდება

ეს არის ის სიმბოლური ჟესტი, რომელიც ქვეყანას საკუთარი სახელმწიფოებრივი პრესტიჟის დასაბრუნებლად სჭირდება, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა საქართველოს პარლამენტში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოსმენასთან დაკავშირებით განაცხადა.

მან მედიასთან ასევე ისაუბრა ევროინტეგრაციის პროცესზე და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო პარტნიორებში ნდობა აქვს დაკარგული, რომლის აღსადგენადაც შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულებაა საჭირო.

„ვფიქრობ, ეს არის ის სიმბოლური ჟესტი, რომელიც ქვეყანას საკუთარი სახელმწიფოებრივი პრესტიჟის დასაბრუნებლად სჭირდება. არ მაქვს დიდი მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ დათანხმდება, მაგრამ ვფიქრობ, ზეწოლა უნდა იყოს ძალიან მაღალი, რომ ამაზე წამოვიდნენ.

ახლა შარლ მიშელის დოკუმენტი არის ერთგვარი საგზაო რუკა ჩვენთვის, რათა საქართველოს ხელისუფლების მიერ ნათქვამი რაიმე სიტყვა სერიოზულად იქნეს აღქმული, ასევე, იმისთვის, რომ ჩვენთან საუბარი დაიწყონ და ნდობა დავიბრუნოთ. საქართველოს ხელისუფლებამ ყველაზე მთავარი დაკარგა – პარტნიორების მხრიდან ნდობა ამ პროცესში. ამიტომ, უპირველესი ამოცანა არის ცალმხრივად, რაც შეიძლება სწრაფად მუშაობის დაწყება საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან ამ ნდობის აღსადგენად. მთავარი მოცემულობა არის შარლ მიშელის დოკუმენტი, რომელიც შესასრულებლად ადვილია, უბრალოდ, საჭიროა პოლიტიკური ნება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ჩანს, არ აქვს. ამის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია, ვიფიქროთ, რომ ვინმე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელს სერიოზულად დაელაპარაკოს. შესაბამისად, ეს საზოგადოებრივი ზეწოლა, რომელიც მუდმივად სახეზე უნდა იყოს, იმასაც უნდა ემსახურებოდეს, რომ ის პირველი ნაბიჯები გადაადგმევინოს ხელისუფლებას, რომელიც დამოუკიდებლად, ბრიუსელის გარეშე უნდა გააკეთონ“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები