შალვა პაპუაშვილი: როდესაც ქვეყნის 20 პროცენტი რუსეთს აქვს ოკუპირებული, საუბარს იმაზე, რომ ის დივერსანტების მეშვეობით შეეცდება აგრესიის წარმოებას, ერთადერთი ახსნა აქვს – ისტერია მოხდეს

საქართველოს ხელისუფლების მშვიდი პოლიტიკის შედეგია ის, რომ როცა ქვეყანაში ისტერია აიწევა, რაღაც პერიოდის შემდეგ, ყველაფერს საზოგადოება კარგად ხედავს და საკუთარი დასკვნები გამოაქვს, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლასთან დაკავშირებით არსებულ მოსაზრებებს.

მისი თქმით, როდესაც ქვეყნის 20 პროცენტი რუსეთს აქვს ოკუპირებული და რუსეთის ათი ათასი სამხედრო განლაგებულია უვიზოდ, უნებართვოდ, საუბარს იმაზე, რომ რუსეთი დივერსანტების მეშვეობით შეეცდება აგრესიის წარმოებას, ერთადერთი ახსნა აქვს, ისტერია მოხდეს.

„საქართველოს ხელისუფლების მშვიდი პოლიტიკის შედეგია ის, რომ როცა ქვეყანაში ისტერია აიწევა, რაღაც პერიოდის შემდეგ, ყველაფერს საზოგადოება კარგად ხედავს და საკუთარი დასკვნები გამოაქვს. რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით იყო ისტერია, თითქოს, საზღვარზე იყო რიგები და თქვეს, ეს იყო 120 ათასი და ა.შ. რიცხვების სპეციალურად გაბუქება და დრამატიზება ხდებოდა. გავიდა დრო და ყველა დამშვიდდა. როცა ქვეყანა ომის მწარმოებელია, იქიდან სხვადასხვა მიმართულებით გარკვეული გადინება იქნება, რაც გასაგებია. შესაძლებელია, საქართველოშიც შემოვიდნენ.

გუშინ, შინაგან საქმეთა მინისტრმა წარადგინა სტატისტიკა. შემომსვლელებს შორის არიან ეთნიკურად ქართველები, ჩრდილოკავკასიელები, რომლებიც ტრანზიტის სახით გადიან. შეიძლება, მათ შორის ისეთებიც იყვნენ, ვისაც იქ ყოფნა არ უნდა და აქ შემოვიდნენ. თავიდან ისტერია იყო, თითქოს, ეს იქნებოდა შტურმი, შემდეგ შეიცვალა და ითქვა, ესენი არიან დივერსანტები, რაც გაუგონარი ისტერიის დათესვის სურვილია, თითქოს, დივერსანტები ჩამოდიან. ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი რუსეთს აქვს ოკუპირებული, რუსეთის ათი ათასი სამხედრო განლაგებულია უვიზოდ, უნებართვოდ, უყველაფროდ. საუბარი იმაზე, რომ რუსეთი დივერსანტების მეშვეობით შეეცდება აგრესიის წარმოებას, ამას ერთადერთი ახსნა აქვს, ისტერია მოხდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, სამოქალაქო საზოგადოება მოწოდების სიმაღლეზე ვერ აღმოჩნდა, რადგან მისი განმარტებით, ორი კვირის განმავლობაში არ სმენია განცხადება, რომ ქვეყანაში ქსენოფობიური რისკებია და შესაბამისი მოწოდება ყოფილიყო.

„ორი კვირა გავიდა და არავისგან არ მსმენია განცხადება, რომ ქვეყანაში ქსენოფობიური რისკები არის და შესაბამისი მოწოდება ყოფილიყო. პირიქით, ზოგი ორგანიზაცია პროცესში ჩართული იყო არგუმენტაციით, თითქოს, დივერსანტების შემოსვლა მოხდებოდა და ა.შ. ამის შედეგი ვნახეთ – მტრული განწყობა რუსული შესახედაობის ადამიანების მიმართ. საჯაროდაც ითქვა, რომ იყო აგრესია ადამიანების მიმართ. ვინ არკვევს, ვინ არის დივერსანტი და ვინ ოპოზიციის წარმომადგენელი?! სამწუხაროდ, მთელი უბედურება ის არის, რომ სამოქალაქო საზოგადოება ვერ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე. ნაცვლად იმისა, რომ დეზინფორმაციული ტალღა ჩაეხშო, ან ჩუმად იყო ან ხელს უწყობდნენ. სამწუხაროდ, ამ პროცესებს სახალხო დამცველი ცხრა დღის შემდეგ გამოეხმაურა. კარგია, რომ თქვა, რომ ეს ყველაფერი ქსენოფობიაში არ უნდა გადავიდეს, თუმცა 3 მარტს დაწყებულ კამპანიას 11 მარტს გამოეხმაურა, რაც დასანანია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები