შალვა პაპუაშვილი: აბსურდია, როდესაც ოპოზიციის ნაწილი უკრაინის ხელისუფლების სახელით გამოდის და საუბრობს
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პარლამენტის წინაშე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვის თაობაზე ოპოზიციის დეპუტატების ინიციატივას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამის თაობაზე უკრაინასა და საქართველოს შორის კომუნიკაცია არ ყოფილა.
მისივე თქმით, აბსურდია, როდესაც ქართული ოპოზიციის ნაწილი უკრაინის ხელისუფლების სახელით საუბრობს.
“აბსურდია, როდესაც ოპოზიციის ნაწილი უკრაინის ხელისუფლების სახელით გამოდის და საუბრობს. უნდათ თუ არა საერთოდ ჩართვა, არც კი ჰკითხეს უკრაინის ხელისუფლებას. საკვირველია, საქართველოს პარლამენტის წევრს უცხო ქვეყნის ადმინისტრაციასთან რა კავშირი აქვს, რატომ საუბრობს მათი სახელით. ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი კომუნიკაცია საქართველოს და უკრაინას შორის არ ყოფილა და ამით ეს საკითხი არის გარკვეული”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა: „პრეზიდენტი ზელენსკი მზად არის, ჩაერთოს საქართველოს პარლამენტს და მიმართოს საქართველოს საზოგადოებას“.