ვიცეპრემიერი, ლევან დავითაშვილი საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

„საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორთან შევჯერდით, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდება ციფრული ტრანსფორმაციის საბჭო, რომლის ფარგლებში სახელმწიფო და კერძო სექტორი ერთად ვიმუშავებთ, რათა მთლიანად ეკონომიკის ციფრული ტრანსფორმაცია მოხდეს, მათ შორის, განვითარდეს IT – მიმართულებებიც, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, დასაქმებას და დამატებით შემოსავლების მობილიზებას შეუწყობს ხელს. მიგვაჩნია, რომ ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მიმართულება მომავალში სწორედ ციფრული ტექნოლოგიების განვითარება იქნება,” – განაცხადა ვიცეპრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრაზე ბიზნესისწარმომადგენლების შეკითხვებს ასევე უპასუხეს მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა, სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა – ეკა ყუბუსიძემ და სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძემ. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო სამინისტროს ხედვები, როგორც უშუალოდ საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგის, ასევე, ზოგადად, ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებებით უკვე გატარებულ ღონისძიებებზე და სამომავლო გეგმებზე.

აღინიშნა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობა მიესალმება ბიზნესის მხრიდან წამოსულ ინიციატივებს დარგის უფრო სწრაფად განვითარების მხრივ და მათ მუდმივმოქმედი ქმედითი საკომუნიკაციო პლატფორმის შექმნა შესთავაზა, რაც ბიზნესის მხრიდან დადებითად იქნა მიღებული.

შეხვედრაზე გაიმართა შედეგიანი დიალოგი, რომლის ფარგლებში გამოიკვეთა პრიორიტეტული მიმართულებები საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგის განვითარების, ქვეყანაში შექმნილი ტექნოლოგიური პროდუქტების საერთაშორისო ბაზრებზე გატანის ხელშეწყობის, დარგში პროფესიული კადრების გადამზადების კუთხით და სხვა.

„მსგავსი დარგობრივი შეხვედრები გვექნება ყველა სექტორთან იმისთვის, რომ უშუალოდ მათგან მოვისმინოთ პირველად საჭიროებები, ავსახოთ ისინი ჩვენს პოლიტიკაში, რომელიც უფრო ქმედითი და საჭიროებებზე ორიენტირებული იქნება,” – განაცხადა ვიცეპრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები