ვახტანგ გომელაური ლევან ხაბეიშვილზე: ეტყობა, თავისი ლიდერისგან ისწავლა სურათების მოტანა და ტრაფარეტებით სიარული, ვისი სახლია, რომ ვერ გაურკვევიათ
ეტყობა, თავისი ლიდერისგან ისწავლა სურათების მოტანა და ტრაფარეტებით სიარული, ვისი სახლია, რომ ვერ გაურკვევიათ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში, ლევან ხაბეიშვილზე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
გარდა ამისა, შს მინისტრმა დასმული კითხვის საპასუხოდ, ოპოზიციონერ დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს ურჩია, დაინტერესებულიყო იმ ფაქტით, თუ როგორ დახვდნენ 2005-2006 წელს მამკოდის გზაზე დავით ველიჯანაშვილს, მისი ყოფილი ლიდერების დავალებით და როგორ სთხოვდნენ კუთვნილი წილების გადაფორმებას.
„აქედან ვუპასუხებ, რადგან შიგნით აღარ დამხვდა. სურათებს რომ აფრიალებენ, ვისი სახლია, ვერ გაურკვევიათ. ძალიან კარგად მახსოვს, ბატონმა მიხეილმა ეს სურათები რომ ააფრიალა, უკვე კანცელარიაში ვმუშაობდი მაშინ და ეტყობა, თავისი ლიდერისგან ისწავლა სურათების მოტანა და ტრაფარეტებით სიარული. მეორე სახლი საერთოდ არ ვიცი, გლდანშიო. თუ მაბრალებ, ბატონო ლევან, იქნებ ან ვაკეში დამაბრალო, ან სადმე, უკეთეს ადგილას. მართლა არ ვიცი, ჩემს მეგობრებს ძალიან ბევრს აქვს თავისი ბიზნესი.
რაც შეეხება დავით ველიჯანაშვილს, 30 წელია ვიცნობ ამ ადამიანს, ვმეგობრობ, ერთად ვმუშაობდით, წლებია ერთად მოვდივართ. მას თავის ბიზნესი აქვს და რატომღაც ხაბეიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ სოციალურად დაუცველი იყო ეს ადამიანი და თურმე ახლა გახდა მილიონერი. იქნებ კარგად მოიკითხოთ, ბატონო ლევან და თქვენს მეგობრებსაც ჰკითხოთ, ვინ იყო ეს ადამიანი, რა მოხდა 2005-2006 წლებში, შეიძლება წლები მეშლება, როგორ დახვდნენ მამკოდის გზაზე თქვენი ყოფილი ლიდერების დავალებით, ვინც დახვდა, აღარ გავუსვამ ხაზს, სთხოვდნენ ფირმების გადაფორმებას და ა.შ. იქნებ ამოიღოთ, სოციალურად დაუცველი ვინ იყო მაგ დროს, შეიძლება მოვიძიოთ და საინტერესოა იქნებ სხვა აღმოჩნდეს მის ადგილას“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.