სემეკმა „ქობულეთის წყალი“ ჯარიმის მაქსიმალური ოდენობით დააჯარიმა

სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო სემეკმა „ქობულეთის წყალი“ ჯარიმის მაქსიმალური ოდენობით, 75 ათასი ლარით დააჯარიმა. კომპანიამ ჯარიმის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტში 10 დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს, – ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს შპს „ქობულეთის წყლის“ მიერ ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების ქსელზე მიერთების პირობებისა და ვადების დარღვევა. კერძოდ, კომპანიამ 1 წლის ვადაში არ უზრუნველყო განმცხადებლის წყალარინების ქსელზე მიერთება, ამასთანავე, განმცხადებელს დაავალა მიერთებისათვის საჭირო მასალის შესყიდვა, რაც წარმოადგენს კომისიის წესების უხეშ დარღვევას.

განმცხადებლის ქსელზე მიერთების პირობებისა და ვადების დარღვევის შესახებ შპს „ქობულეთის წყლის“ განმარტებები კომისიამ მიიჩნია უსაფუძვლოდ და დაავალა, განმცხადებლის წყალარინების ქსელზე მიერთება არაუგვიანეს 2022 წლის 15 აპრილისა.

შპს „ქობულეთის წყალს“ განემარტა, რომ დარღვევის აღმოუფხვრელობის ან განმეორების შემთხვევაში, სემეკი უფლებამოსილია კომპანიას გაორმაგებული ჯარიმა დააკისროს.

აღსანიშნავია, რომ კომპანია დარღვევების გამო 2019 და 2021 წლებშიც დაჯარიმდა, რის შესახებაც სემეკის მხრიდან ეცნობა ქობულეთის მუნიციპალიტეტსაც, როგორც კომპანიის მესაკუთრეს. თუმცა, სემეკს რეაგირების თაობაზე დღემდე მუნიციპალიტეტისგან პასუხი არ მიუღია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები