აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით 800 მილიონი დოლარის ღირებულის სამხედრო დახმარებას გაუწევს.
საკუთარ მიმართვაში ბაიდენმა თქვა, რომ უკრაინა საკუთარი თავისუფლებისთვის იბრძვის და რომ ამერიკელი ხალხი დახმარების შესახებ უკრაინელების მოწოდებას პასუხობს.
ბაიდენმა განმარტა, რომ საუბარია დიდ მანძილზე მოქმედი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებზე, ასევე, დრონებზე.
მოგვიანებით გახდა ცნობილი, კონკრეტულად რას გადასცემს ვაშინგტონი კიევს: 2 ათასი “ჯაველინი”; 800 “სტინგერი”; 100 ტყვიამრქვევი; 5 ათასი ავტომატი; ათასი პისტოლეტი; 9 ათასი ტანკსაწინააღმდეგო სისტემა; 20 მილიონი ვაზნა/ჭურვი.
ამასთან, ბოლო დღეებში მიდის საუბარი უკრაინისთვის გაცილებით მძლავრი იარაღის გადაცემაზე, როგორიცაა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი S-300.