ივანე ჩხაიძე: „ფაიზერის“ განცხადებით, წლის ბოლოსთვის, სავარაუდოდ, ვაქცინის მეოთხე დოზა იქნება აუცილებელი, ეს იქნება სრულიად ახალი ვაქცინა
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, „ფაიზერი“ ახალ ვაქცინაზე მუშაობს, რომელიც კორონავირუსის დღემდე არსებული ყველა მუტაციის საწინააღმდეგო იქნება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„ფაიზერს“ გუშინ გამოქვეყნებული აქვს განცხადება, სადაც აფიქსირებს, რომ წლის ბოლოსთვის, სავარაუდოდ, მისი ვაქცინის დამატებითი, მეოთხე დოზა იქნება აუცილებელი. აქვე ამატებს, რომ ეს დოზა იქნება სრულიად ახალი ვაქცინა. „ფაიზერი“ ამაზე მუშაობას, ესაა ვაქცინა, რომელიც ყველა, დღემდე არსებული მუტაციის საწინააღდეგო იქნება. ეს არ იქნება მარტო „ომიკრონზე“ მორგებული. ის ყველა მუტაციაზე თანაბრად იმუშავებს. რაც ყველაზე მთავარია, ეს ვაქცინა ერთწლიანი ეფექტიანობის იქნება.
თუ ეს განხორციელდა, ჯანმო-სგან, ალბათ, მივიღებთ რეკომენდაციას, რომ ისევე, როგორც გრიპის შემთხვევაში, წელიწადში ერთხელ შემოდგომით, ვაქცინის გაკეთება რეკომენდებული იქნება. გრიპის ვაქცინის შემთხვევაში საუბარია 6 -თვიან დაცვაზე, კორონავირუსის საწინააღდეგო ამ ვაქცინის შემთხვევაში ვისაუბრებთ 1 -წლიან დაცვაზე. მნიშვნელოვანია, რომ ეს ვაქცინა მივიღოთ. კორონავირუსის ცირკულირება შესაძლოა, ძალიან დიდხანს გაგრძელდეს, შესაძლებელია, წლებიც. რისკის ჯგუფებში წელიწადში ერთხელ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნება“, – განაცხადა ჩხაიძემ.