ლაგოდეხში სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების პროგრამა დაიწყო

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირებისთვის, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მიზნით, შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე სოციალური მომსახურების სააგენტოს, ლაგოდეხის რაიონული განყოფილების წარმომადგენლებმა მოქალაქეებს პროექტის მიზნებისა და მუნიციპალიტეტში არსებული ვაკანსიების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

მოქალაქეებს, ჯგუფური და ინდივიდუალური კონსულტაციები ჩაუტარდათ, პროგრამაში ჩართვის მსურველები კი დასაქმების მსურველთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირდნენ.

შეგახსენებთ რომ, პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სოციალური შემწეობის მიმღებ შრომისუნარიან პირებზე ორიენტირებული დასაქმების პროექტი 1 მარტიდან დაიწყო.

პროექტი, სოციალური შემწეობის მიმღები, შრომისუნარიანი პირების დასაქმებას ისახავს მიზნად. პროგრამის ბენეფიციარები,18 წლის და უფროსი ასაკის, შრომისუნარიანი პირები არიან, ვისი ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს და იღებენ მიზნობრივ სოციალურ დახმარებას.

დასაქმების პროგრამაში ჩართულ პირს, 4 წლის განმავლობაში, სოციალურად დაუცველის სტატუსი, მასთან მიბმული ფულადი და არაფულადი სიკეთეები გარანტირებულად შეუნარჩუნდება. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში არ მოხდება სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის გადამოწმება. საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართული ბენეფიციარები, სოციალურ დახმარებასთან ერთად, დამატებით ფინანსურ სარგებელსაც მიიღებენ, რომელიც ნამუშევარი საათების მიხედვით ანგარიშდება და 300 ლარს შეადგენს.

საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულებისთვის გაცემული თანხა წარმოადგენს სოციალურ გასაცემელს, რომელიც არ იბეგრება. საზოგადოებრივი სამუშაო ისეთ ვაკანტურ ადგილზე დასაქმებას გულისხმობს, რომლის შესრულება ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია. სამუშაოს მომწოდებლები კი სახელმწიფო უწყებები და ადგილობრივი თვითმმართველობები არიან.

პროგრამაში ჩართვის მსურველებს, დამატებითი ინფორმაციისთვის, მიმართეთ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ლაგოდეხის რაიონული განყოფილებას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები