პაატა მანჯგალაძე: ცდილობენ, შინაპატიმრობაში ამყოფონ პრეზიდენტი, მოუწყონ საბოტაჟი, ეს არის პრეზიდენტის დაშინების და დასჯის მცდელობა
“ცდილობენ, შინაპატიმრობაში ამყოფონ პრეზიდენტი, მოუწყონ საბოტაჟი, ეს არის პრეზიდენტის დაშინების და დასჯის მცდელობა”, – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, პაატა მანჯგალაძე “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.
მანჯგალაძის თქმით, მისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ იქნება ავტორიტეტი, რადგან ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო არ არსებობს.
“არანაირი იმპიჩმენტის დაწყების საფუძველი ეს არ არის, ამას სჭირდება 2/3-ის მხარდაჭერა, რის რესურსიც მათ არ გააჩნიათ. “ქართულ ოცნებას” ახასიათებს, რომ ვინც მას არ ეთანხმება, ცდილობენ, მოაქციონ იზოლაციაში, როგორც ჩანს, პრეზიდენტის განცხადებები, რომელიც ევროინტეგრაციისკენ იყო მიმართული, არ შეესაბამება “ქართული ოცნების” დეკლარირებულ ინტერესს და ცდილობენ შინაპატიმრობაში ამყოფონ პრეზიდენტი, მოუწყონ საბოტაჟი, ეს არის პრეზიდენტის დაშინების და დასჯის მცდელობა. ჩემთვის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ იქნება ავტორიტეტი, რადგან ამ ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო”, – განაცხადა მანჯგალაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. როგორც „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაშია ნათქვამი, საგარეო პოლიტიკის განხორციელების პროცესში იკვეთება პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან დადასტურებას საჭიროებს.