თამარ კორძაია: გუშინ დავინახეთ პრეზიდენტის მიმართ გაავებული და ისტერიკაში მყოფი, „ქართული ოცნების“ წევრების ბრალდებები

“რაც უნდა ილაპარაკონ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, სინამდვილეში, პრეზიდენტმა თავად ამხილა გუშინ “ქართული ოცნება” კონსტიტუციის დარღვევაში”,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, თამარ კორძაიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, სალომე ზურაბიშვილმა შეინარჩუნოს ის პრინციპულობა, რაც ევროპაში წასვლისას და პარლამენტში გამოსვლისას გამოავლინა.

“ქართული ოცნება“ არის შემაფერხებელი ძალა, რომელიც ხელს უშლიდა პრეზიდენტს, ოფიციალური ვიზიტით განეცხადებინა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ევროინტეგრაციის კურსთან დაკავშირებით პოზიცია. პრეზიდენტი მადლობას იმსახურებს, რომ პირადი ვიზიტით გააკეთა ეს ყველაფერი. ამიტომ, გუშინ კარგად დავინახეთ გაავებული და ისტერიკაში მყოფი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა ბრალდებები პრეზიდენტის მიმართ. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ პრეზიდენტმა ისაუბრა ერთიანობაზე, მაგრამ ამ სიტყვებს არ მოჰყვა არავითარი შედეგი, “ქართული ოცნების” წარმომადგენლები არც მიესალმნენ და არც დაემშვიდობნენ მას. ძალიან მნიშვნელოვანია სალომე ზურაბიშვილმა შეინარჩუნოს ის პრინციპულობა რაც გამოავლინა ევროპაში წასვლისას, რაც გამოავლინა პარლამენტში გამოსვლისას და ასეთივე პრინციპული ქმედებებით დაამტკიცოს, რომ შესწევს ძალა საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანებისთვის”, – განაცხადა კორძაიამ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში მოხსენებით გამოსვლისას მისი საერთაშორისო საქმიანობის მიმართ ხელისუფლების მხრიდან შეზღუდვების დაწესებაზე ისაუბრა და ამას გაუგებარი უწოდა. როგორც მან აღნიშნა, 26 თებერვალს მას უარი ეთქვა პარიზში, ბერლინში, ვარშავასა და ბრიუსელში სამუშაო ვიზიტების განხორციელებაზე. მისივე თქმით, შეხვედრები მან პირადი კონტაქტების მეშვეობით გამართა და სამუშაო შეხვედრები პირად შეხვედრებად აქცია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები