მამუკა მდინარაძე: “გირჩის“ ინიციატივას პერსპექტივა არ ექნება
“მოსახლეობაში იარაღი დავარიგოთ და ყველამ თავის თავს მიხედოს, ეს არ არის თავისუფლება, ამას ქაოსი ჰქვია. ამ ინიციატივას, რადგან ჩვენ უმრავლესობაში ვართ, პერსპექტივა არ ექნება”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ “გირჩის” ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.
„ძალიან უარყოფითად ვაფასებ. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რისკები მინიმუმამდე დაიყვანოს და პრინციპში ეს ასეც მოხდა, ახლა ახალი და ისეთი ნარატივის შემოტანა, რომელიც თუნდაც დღევანდელ სიტუაციაში რაღაც შიშებს გააჩენს, ჩემი აზრით, დღეს არაადეკვატურია და ისე ზოგადადაც. არ მგონია, რომ „გირჩის“ თავისუფლების ეგიდით ნაწარმოები კამპანიები ყველა სწორი იყოს. ვუდასტურებ პატივისცემას გარკვეული მათი მოსაზრებების მიმართ, ოღონდ მხოლოდ გარკვეული და მცირედი ნაწილის, ამ შემთხვევაში ნამდვილად არ ვეთანხმები. ასე მოსახლეობაში იარაღი დავარიგოთ და ყველამ თავის თავს მიხედოს, ეს არ არის თავისუფლება, ამას ქაოსი ჰქვია. ამ ინიციატივას, რადგან ჩვენ უმრავლესობაში ვართ, პერსპექტივა არ ექნება“,- განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის ბიუროს, 14 მარტის სხდომაზე, ინიცირებისთვის პოლიტიკური ჯგუფის “გირჩის” პროექტი წარედგინება, რომელიც იარაღის ტარების თაობაზე მოქმედი კანონმდებლობის ლიბერალიზებას ითვალისწინებს.