2008 წლის რეზოლუცია თავზე უნდა დაახიო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ სამარცხვინო გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას განუცხადა.
„სამარცხვინო არის, რაც მათ იკადრეს. გამოდიან და ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით რომ გველაპარაკებიან, ეს რეზოლუცია უნდა დაახიო თავზე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ სამარცხვინო გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა. თქვენ იცით, ამ რეზოლუციაში რა წერია. ჩვენი სამხედროები დაადანაშაულეს, თითქოს ცხინვალი ჩვენი მხრიდან დაიბომბა. სამარცხვინოა. დღეს ეს ადამიანები გამოდიან და პატრიოტიზმზე გველაპარაკებიან“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, აგვისტოს ომის დროს ქართველი სამოქალაქო ტყვეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის ეპიზოდზე სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა სამი პირის მიმართ დაკავების ბრძანებები გამოსცა. პროკურორმა დაპატიმრების ორდერის გაცემა მოითხოვა შემდეგ პირებზე: მიხაილ მინძაევი 2005 წლიდან 2008 წლის ოქტომბრამდე ე.წ. სამხრეთ ოსეთის „შინაგან საქმეთა მინისტრი“ იყო. გამლეტ გუჩმაზოვი ე.წ. სამხრეთ ოსეთის „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ წინასწარი დაკავების იზოლატორის უფროსი იყო, ხოლო დავიდ სანაკოევი ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტის“ წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში.