„ესაა ერთგვარი სიგნალი იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა სტაბილურია“ – ანგურიძე უცხოური ინვესტიციების შესახებ მონაცემებზე
ეკონომისტი, ოთარ ანგურიძე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება.
„დღეს საქსტატმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2021 წელს საკმაოდ გაზრდილი გვაქვს – მილიარდ 150 მილიონი შეადგინა. პრაქტიკულად, ესაა ერთგვარი სიგნალი იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა სტაბილურია. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთ კრიზისულ და დაძაბულ სიტუაციაში ასეთი მასშტაბის ინვესტიციების შემოდინება არ გვექნებოდა. რეგიონში ჩვენი ქვეყანა ოაზისივით გახდა, სადაც სტაბილურობა, მშვიდობა, კარგი ეკონომიკური ზრდაა“, – განაცხადა ანგურიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ცნობისთვის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წელს 1 152.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც ორჯერ მეტია 2020 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე. ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სამივე კომპონენტის (სააქციო კაპიტალი, რეინვესტიცია და სავალო ვალდებულებები) მაჩვენებლის გაზრდით.