მამუკა მდინარაძე – ოპოზიციაზე: მეხუთე კოლონა კვლავ განაგრძობს საქართველოს, მისი ხელისუფლების, მშვიდობისა და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლას, თუმცა, უშედეგოდ

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში ჰააგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთი გამარჯვება და საქართველოს უმნიშვნელოვანესი წარმატებაა საერთაშორისო სამართლებრივ ასპარეზზე.

მისი თქმით, რუსეთის ღია აგრესიის კვალდაკვალ მეხუთე კოლონა კვლავ განაგრძობს საქართველოს, მისი ხელისუფლების, მშვიდობისა და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლას.

„სტრასბურგის შემდეგ, ჰააგის გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი გამარჯვება და საქართველოს უმნიშვნელოვანესი წარმატება საერთაშორისო სამართლებრივ ასპარეზზე!

პარალელურად, იმის მიუხედავად, რომ ომის პარტიელებმა თავის დროზე მთავარი მტკიცებულება, რუსული „ისკანდერის“ ნაწილებიც კი გადამალეს, ნაცურმა სპეცოპერაციამ – „იქნებ მივიწეროთ“, სტარტი აიღო…

გასულ წლებში მათი მავნებლური და ანტისახელმწიფოებრივი კამპანიებიდანაც შეგვიძლია ერთ-ერთი გავიხსენოთ: ჰააგის მიმართულებით „ქართული ოცნება“ იმიტომ აქტიურობს, ქართველი სამხედროების პასუხისმგებლობის საკითხი რომ დადგესო.

ამასობაში მეხუთე კოლონის მთავარი ტელევიზიის უშედეგო მცდელობაც ვიხილეთ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს რაიმე დამაზიანებელი ეთქვა საქართველოსა და მის ხელისუფლებაზე.

რუსეთის ღია აგრესიის კვალდაკვალ მეხუთე კოლონა კვლავ განაგრძობს საქართველოს, მისი ხელისუფლების, მშვიდობისა და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლას, თუმცა, უშედეგოდ!“, – წერს მამუკა მდინარაძე.

შეგახსენებთ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ჰააგის სასამართლოს მიერ, ოკუპირებული ცხინვალის სამ „მაღალჩინოსანზე“ დაკავების ორდერის გაცემასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები