„რეკორდია მოხსნილი“ – ცუცქირიძე უცხოური ინვესტიციების შესახებ მონაცემებზე
ეკონომისტი, გიორგი ცუცქირიძე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება.
„დღეს გასული წლის ინვესტიციების მოცულობაზე საქსტატის მონაცემები გამოქვეყნდა. უნდა გითხრათ, რომ რეკორდია მოხსნილი. გასულ წელს მილიარდ 150 მილიონი ინვესტიციაა შემოსული. დაახლოებით, 101 %-ითაა გაზრდილი 2020 წელთან, პანდემურ პერიოდთან შედარებით. ინვესტიციები შემოსულია როგორც ფინანსურ სექტორში, ასევეზ დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ ინვესტიციებში 60 %-ზე მეტი რეინვეტირებაა. ანუ მოგება, რომელიც უცოური კაპიტალით შექმნილმა საწარმოებმა მიიღეს, დივიდენდის სახით გარეთ კი არ გავიდა, კი არ გაიტანეს კაპიტალი, არამედ ის ჩვენს ეკონომიკაში დატოვეს“, – განაცხადა ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ცნობისთვის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წელს 1 152.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც ორჯერ მეტია 2020 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე. ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სამივე კომპონენტის (სააქციო კაპიტალი, რეინვესტიცია და სავალო ვალდებულებები) მაჩვენებლის გაზრდით.