ნინო თანდილაშვილი კატარის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება
კატარის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნინო თანდილაშვილი კატარის სახელმწიფო კომპანიის – Hassad Food-ის აღმასრულებელ დირექტორს, მუჰამედ ბინ ბადრ ალ სადაჰს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კატარის სახელმწიფოში – ნიკოლოზ რევაზიშვილი ესწრებოდა.
Hassad Food წარმოადგენს კატარის საინვესტიციო საზოგადოების ერთ-ერთ კომპანიას, რომლის მთავარი ფუნქცია კვებისა და აგრობიზნესის სექტორში ინვესტირება და კატარის სურსათის უსაფრთხოებაა. ნინო თანდილაშვილმა კომპანიის – Hassad Food-ის აღმასრულებელ დირექტორს, ინფორმაცია მიაწოდა საექსპორტო პოტენციალის მქონე ისეთი ქართული პროდუქციის შესახებ, როგორებიცაა ქართული თხილი, თაფლი, მინერალური წყლები და ზეთისხილის ზეთი. შეხვედრაზე იმერეთის აგროზონაში შესაძლო ინვესტირების შესაძლებლობაზეც გამახვილდა ყურადღება. Hassad Food-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მზადყოფნა გამოთქვა ქართულ მხარესთან სამომავლო თანამშრომლობაზე.
აღსანიშნავია, რომ 10-14 მარტს კატარის სახელმწიფოში სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენა „აგრიტეკი” იმართება, სადაც 50-მდე ქვეყნის 300-მდე კომპანია მონაწილეობს და ათასობით ვიზიტორს საშუალება ეძლევა დაათვალიეროს გამოფენა და ქართული აგროპროდუქტის საექსპორტო პოტენციალს გაეცნოს.