თურქეთის შუამდგომლობით, ანტალიაში რუსეთისა და უკრაინის პირველი დიპლომატების შეხვედრა გაიმართა, რომელიც 1,5 საათის განმავლობაში გაგრძელდა და, ფაქტობრივად, უშედეგოდ დასრულდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, რუსმა დიპლომატმა, სერგეი ლავროვმა თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების მიღწევას არც ცდილობდა.
როგორც პრესკონფერენციაზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ თქვა, “ჩვენ ვერ შევაჩერებთ ომს, თუ რუსეთს ამის სურვილი არ ექნება. დღეს მოვისმინე, რომ ცეცხლის შეწყვეტა მიბმულია რუსეთის მოთხოვნების შესრულებაზე. კიდევ ერთხელ მინდა, დავადასტურო, რომ უკრაინა არ დანებებულა, არ ნებდება და არ დანებდება. ჩვენ მზად ვართ დიპლომატიისთვის, ვეძებთ დიპლომატიურ გადაწყვეტილებებს, მაგრამ ისინი, ჯერჯერობით, არ არის. ჩვენ თავდაუზოგავად, საკუთარი თავის შეწირვით გავაგრძელებთ ჩვენი მიწის, ჩვენი ხალხის დაცვას რუსული აგრესიისგან. იმედი მაქვს, რომ დღევანდელი ფორმატი გაგრძელდება. მე მზად ვარ ამისთვის, თუ რუსული მხარეც იქნება მზად”.
კულებას თქმით, შეხვედრაზე მარიუპოლიდან ჰუმანიტარული დერეფნის უზრუნველყოფაზე შეთანხმებაც ვერ მოხერხდა. მისი თქმით, ლავროვმა თქვა, რომ ამისთვის კრემლთან უნდა გაიაროს კონსულტაცია. კულებამ იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი “წმინდა ადამიანური მიზეზით” გახსნის დერეფნებს.
კულება მზად არის, გააგრძელოს რუსებთან დიპლომატიური შეხვედრები, თუ პროგრესის ოდნავი შანსი მაინც არსებობს.
“ლავროვი მოლაპარაკებაზე, ფაქტობრივად, ყოველგვარი უფლებამოსილების გარეშე მოვიდა და მას არ შეეძლო კონსტრუქციულად რაიმეს განხილვა. ის მხოლოდ ერთი მოთხოვნით ჩამოვიდა, რომ ჩვენ დავნებდეთ. მე საკითხების მოსაგვარებლად ჩამოვედი, ის – მხოლოდ მოსასმენად”, – თქვა კულებამ.
მინისტრის თქმით, “რუსეთი უკრაინისგან დანებებას ითხოვს, მაგრამ ჩვენ არ დავნებდებით და ოკუპანტი ჩვენს კაპიტულაციას ვერ მიიღებს. უკრაინა ძლიერია, ის იბრძვის. კრემლის საწყისი გეგმა ჩაიშალა. ჩვენ ძლიერ პოზიციაში ვართ”.