გიგი უგულავა: დღეს სასამართლომ გამამართლა, მაგრამ ეს არანაირი მართლმსაჯულების ზეიმი არ არის

“როგორც იტყვიან, ეშმაკი დეტალებშია, დღეს სასამართლომ გამამართლა, მაგრამ მაინც ეს არანაირი მართლმსაჯულების ზეიმი არ არის, მოსამართლემ თავიდან აიცილა ეს საქმე”, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას უგულავამ აღნიშნა, ეს საქმე დამთავრდება მაშინ, როდესაც ბადრი გავაშელიშვილი საჯაროდ იტყვის, ვინ დაავალა ან რამდენი გადაუხადეს.

“ეს საქმე თავისი შინაარსით და თემატიკით აბსურდულია, უნდა ყოფილიყო მთელი ქვეყნისთვის აბუჩად ასაგდები. მოსამართლეს შეეძლო კამერების ჩანაწერები ამოეღო და ეს 2-წლიანი გაუთავებელი შოუ, ტაკიმასხარაობა სახელად „საქართველოს მართლმსაჯულება“ არ მოხდებოდა. მკაფიოდ იქნებოდა დადგენილი, რომ მოძალადე იყო გავაშელიშვილი. დამნაშავე და მოძალადე გავაშელიშვილია, რომელიც იქ დავალებით მოვიდა, ამაზე მართლმსაჯულება დუმს, რაც არის მთავარი პრობლემა ამ ისტორიაში, არა ის, ჯარიმას მომისჯიდა თუ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, ორი ადამიანი მოვიდა დავალებით იმისთვის, რომ ჩვენზე ფიზიკური ძალადობა განეხორციელებინა, დაიწყო ჩხუბი და პასუხიც მიიღო. ნებისმიერი მოძალადე მიიღებს ადეკვატურ, პროპორციულ მაგრამ მკაცრ პასუხს, არავინ არ შეეგუება „ზონდერების“ მიგზავნას, დაჩაგვრას და საქმის მის წინააღმდეგ აღძვრას. ბადრი გავაშელიშვილი აუცილებლად დაისჯება და ეს საქმე დამთავრდება მაშინ, როდესაც გავაშელიშვილი საჯაროდ იტყვის ვინ დაავალა და რამდენი გადაუხადეს ამ საქმეში“, – განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიგი უგულავა ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში უდანაშაულოდ ცნეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები