თორნიკე რიჟვაძე: ჩემი საგარეო პოლიტიკური პოზიციის და აკადემიური ბიოგრაფიის გაყალბებისთვის ,,მოიცალეს”

სამწუხაროა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, მაშინ როდესაც უამრავი უდანაშაულო ადამიანი იღუპება და უწევს სამშობლოს და ახლობელი ადამიანების დატოვება, რიგმა პოლიტიკურად ანგაჟირებულმა მედია საშუალებებმა, ფსევდოპატრიოტულმა პოლიტიკურმა ძალებმა და ნაცმოძრაობის სატელიტმა ორგანიზაციებმა, რომელთა მთავარ მიზანს წარმოადგენს საზოგადოების ემოციებით მანიპულირება, საქართველოში მშვიდობის და ევროპული საგარეო კურსის მიზანმიმართული დისკრედიტაცია, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში თორნიკე რიჟვაძე წერს.

ის ფირობს, რომ მისი საგარეო პოლიტიკური პოზიციის და აკადემიური ბიოგრაფიის გაყალბებისთვის ,,მოიცალეს”.

 

“რუსულ ოკუპაციასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია და კონკრეტული ქმედებები საჯაროდ ცნობილია! ჩვენმა ხელისუფლებამ ყველა საერთაშორისო ფორმატში დაგმო რუსული აგრესია და მხარი დაუჭირა უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას!
ე.წ. ჟურნალისტის რიტორიკულ-პროვოკაციულ კითხვაზე ომის დაწყებასთან დაკავშირებით პასუხიც გახლდათ შესაბამისი.
კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩვენს მხარდაჭერას და თანაგრძნობას უკრაინელი ხალხის მიმართ ამ რთულ მომენტში და კონკრეტული ნაბიჯებით ვცდილობთ მათ მხარდაჭერას, ყველაფერს ვაკეთებთ აჭარაში მყოფი უკრაინელი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის და მასპინძლობისთვის!
რაც შეეხება ჩემს აკადემიურ მიღწევებს და კიევის უნივერსიტეტთან დაკავშირებულ საკითხს. ყველა ოფიციალური ინფორმაცია, რაც განთავსებულია აჭარის მთავრობის შესაბამის პორტალებზე და ჩემთან დაკავშირებულ საჯარო წყაროებში შეესაბამება სრულ სიმართლეს!
საშუალო სკოლის ბოლო აკადემიური წელი ვსწავლობდი ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ პასო რობლეს სკოლაში, კალიფორნიის შტატში (აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამით (FLEX))
სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხი მივიღე ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011 წელს;
2012-2013 წელს მივიღე სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი სიტის, ლონდონის უნივერსიტეტში (ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩივნინგის სტიპენდიის ფარგლებში);
2011-2014 წელს მივიღე მაგისტრის ხარისხი ბიზნეს-ადმინისტრირებაში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში;
და ბოლოს არანაკლებ საყურადღებოდ – 2015 წელს ჩავაბარე ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოქტორანტურაში ენერგეტიკის სამართლის მიმართულებით, 2017 წელს სამწუხაროდ გარდაიცვალა დისერტაციის აკადემიური ხელმძღვანელი, ალექსანდრე ზადოროჟნი, ოჯახური და სამსახურებრივი გარემოებების გათვალისწინებით იძულებული გავხდი საკუთარი სურვილით ამეღო აკადემიური შვებულება და შემეწყვიტა სწავლა. შესაბამისად, ყველა ოფიციალურ წყაროში მითითებულია დოქტორანტი; შეგნებულად თავს ვიკავებ ცალკეული ორგანიზაციების განცხადებებზე რომელთაც არ აქვთ იურიდიული მნიშვნელობა.
P.S. განსაკუთრებით სამარცხვინოა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე ხელმომწერების, 2008 წლის ომის დაწყებაში საქართველოს ბრალმდებელი პარტიისა და მათი ტელევიზიების მიერ დასმულ პროვოკაციულ კითხვას სერიოზულად უნდა ვუპასუხო?!
მე იქით მაქვს შეკითხვა, 2008-ში ვინ დაიწყო? შემთხვევით მაშინაც რუსეთმა ხომ არა? თუ კი, მაშინ ამას ხელი როგორ მოაწერეთ?! შემთხვევით მოღალატეები ხომ არ ხართ ამის გამო?!” – წერს რიჟვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები