ბოლნისში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ დაიწყო
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფლის კრებები და კონსულტაციები იმართება.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა შეხვედრები სოფელ ფოლადაურში, სამწევრისში, ზემო ბოლნისსა და სოფელ ბოლნისში გამართეს.
სოფელ ბოლნისში მოსახლეობას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა და სოფელში არსებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.
ხმათა უმრავლესობით, სოფლებში: ფოლადაური, სამწევრისი და ბოლნისი, გარე განათების ქსელი მოეწყობა, სოფელ ბოლნისში ასევე სანიაღვრე ქსელი გაკეთდება, ზემო ბოლნისში კი სასაფლაო შემოიღობება.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 714 000 ლარია გამოყოფილი.
,,მოხარული ვარ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო. ამ პროგრამის ფარგლებში ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის გაკეთებას შევძლებთ. მოსახლეობა თავად აარჩევს მათ სოფლებში რა პრობლემები უნდა მოგვარდეს, ეს ჩართულობა კი ვფიქრობ პროგრამის ეფექტურობას უზრუნველყოფს, რაც პროექტს მეტად საჭიროს ხდის”,- აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.