ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, რუსეთიდან საქართველოში 20-25 ათასი ადამიანი შემოვიდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ბოლო დღეებში ქვეყანაში რუსეთიდან, დაახლოებით, 20-25 ათასი ადამიანი შემოვიდა.
მისი თქმით, დეტალურ სტატისტიკას საზოგადოებას შინაგან საქმეთა მინისტრი გააცნობს.
„შინაგან საქმეთა მინისტრს ექნება უფრო დეტალური ინფორმაცია, რომელსაც საზოგადოებას გააცნობს. ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ, მათ შორის, კოლეგებთან მთავრობის სხდომაზეც. სტატისტიკა საინტერესო იყო ყველა ჩვენგანისთვის. შინაგან საქმეთა მინისტრმა ამ საკითხზე ინფორმაცია უკვე მოგვაწოდა, მას უახლოეს ხანებში ექნება საჯარო გამოსვლა პარლამენტის ფორმატში და გააკეთებს უფრო დეტალურ ანგარიშს ამ საკითხებზე.
თუ არ ვცდები, ეს არის დაახლოებით 20-25 ათასი ადამიანი, დაახლოებით ის რანგი, რაც 2020 წელს იყო, ვიდრე პანდემიამდე შეზღუდვა იქნებოდა. ხოლო, 2021 წელს დაკეტილი იყო ყველანაირი მიმოსვლა, პანდემიიდან გამომდინარე. ასე რომ, საუბარი იმაზე, რომ დიდი რაოდენობით ადამიანი საქართველოში ჩამოდის და ეს რისკების შემცველია, ეს ასე არ არის“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.