ნატო არ დახურავს უკრაინის საჰაერო სივრცეს, რადგან ის პასუხისმგებელია ევროპელების სიცოცხლეზე, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა გერმანული ტელეარხის ARD-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, საჰაერო სივრცის დახურვა ნიშნავს რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში შესვლას, რაც საფრთხეს შეუქმნის მილიონობით ევროპელის სიცოცხლეს.
„ეს ნიშნავს, რომ ნატო-ს თვითმფრინავები რუსულ თვითმფრინავებს გაუხსნიან ცეცხლს, ეს ნიშნავს ნატო-ს უშუალო ჩართვას კონფლიქტში. ჩვენ საკუთარი მოსახლეობის დაცვის პასუხისმგებლობა გვაქვს”, – თქვა მან.
6 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მიმართა დასავლელ ლიდერებს, დახურონ ცა უკრაინის თავზე ან მისცენ უკრაინას თვითმფრინავები მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად აგრესორისგან, რომელიც სახელმწიფო ინფრასტრუქტურას ცინიკურად ანადგურებს.
„ჩვენ ყოველდღე ვიმეორებთ: დახურეთ ცა უკრაინის თავზე. დახურეთ ყველა რუსული რაკეტისთვის, სამხედრო ავიაციისთვის, ყველა ამ ტერორისტისთვის. გააკეთეთ ჰუმანიტარული საჰაერო სივრცე. რაკეტების გარეშე, ავიაბომბების გარეშე. ჩვენ – ადამიანები ვართ და ეს თქვენი ჰუმანიტარული ვალდებულებაა დაგვიცვათ ჩვენ – ადამიანები, თქვენ ეს შეგიძლიათ. თუკი თქვენ ამას არ გააკეთებთ, არ მოგვცემთ თვითმფრინავებს რათა ჩვენ საკუთარი თავი თავად დავიცვათ, მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება: თქვენც გინდათ, რომ ჩვენ ნელ-ნელა მოგვკლან.
ეს დღეიდან და სამუდამოდ მსოფლიო პოლიტიკოსებისა და დასავლეთ ლიდერების პასუხისმგებლობაცაა”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.