ბოლნისში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ორ ოჯახს მერია დაეხმარება
ქალაქ ბოლნისში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ორ ოჯახს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია დახმარებას გაუწევს.
2 მარტს ქალაქ ბოლნისში ხანძარმა ჭავჭავაძის ქუჩაზე მცხოვრები, ჩხეტიანებისა და მეტივიშვილების ოჯახები დააზარალა.
დაზარალებული ოჯახები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა მოინახულა და მათ დახმარება აღუთქვა. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები, ზარალის შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისია და დამოუკიდებელი აუდიტი.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის შესაბამისად, სტიქიის, ხანძრის, სხვა უბედური და ფორსმაჟორული შემთხვევების შედეგად საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზიანის აღსადგენად, დაზარალებულ ოჯახებს ერთჯერად მატერიალურ დახმარებას გაუწევს, ზარალის ოდენობის შესაბამისად, მიყენებული ზიანის 70%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 20 000 ლარისა.
„ხანძრის შედეგად, ქალაქ ბოლნისში მცხოვრები ორი ოჯახი დაზარალდა. გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესში გვაქვს მუხლი, რომელიც იძლევა საშუალებას სტიქიის, ხანძრის, სხვა უბედური და ფორსმაჟორული შემთხვევების შედეგად საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზიანის აღსადგენად, დაზარალებულ ოჯახებს ერთჯერადი მატერიალური დახმარება გავუწიოთ. ოჯახი წარადგენს თუ არა შესაბამის დოკუმენტაციას დაუყოვნებლივ მოხდება დახმარების გაწევა. ბოლნისის მუნიციპალიტეტი დაზარალებულ ოჯახებს ყოველთვის გვერდში უდგას და კანონის შესაბამისად მათ დახმარებას უწევს“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.