კელი დეგნანი: საქართველოს მთავრობა მკაფიო იყო უკრაინისადმი მხარდამჭერ განცხადებებში
საქართველოს მთავრობა მკაფიო იყო თავის მხარდამჭერ განცხადებებში უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. ვნახეთ გულუხვი ჰუმანიტარული მხარდაჭერა უკრაინაში და საქართველოში მყოფი უკრაინელების მიმართ, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია პოლარიზაციის გვერდზე გადადება და ერთად დადგომა იმ საკითხების ირგვლივ, რომლებიც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„მივესალმებით საქართველოს მკაფიო განცხადებებს გაერო-სა და ეუთო-ში და სხვა მრავალმხრივ ფორუმებზე. ეს იყო საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულებები ევროატლანტიკურ საზოგადოებასთან ერთად დგომის კუთხით ამ კრიტიკულ დროს. ჩვენ გვჭირდება ერთიანობის დანახვა. მნიშვნელოვანია აქ, საქართველოში შესაძლებლობების გამოყენება, რომ მოხდეს პოლარიზაციის გვერდზე გადადება, ერთად დადგომა იმ საკითხების ირგვლივ, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რეგიონისა და ევრო-ატლანტიკური საზოგადოებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ მხარდაჭერის გამოხატულება ისევ გაგრძელდება, როგორც ეს იყო მაგალითად, ეროვნული ბანკის მხრიდან სანქციების განხორციელებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კელი დეგნანმა.