გიორგი მსხილაძე: პრეზიდენტმა ბოლო პერიოდში ბევრი რამ გააკეთა იმისათვის, რომ ქვეყანაში შემცირებულიყო პოლარიზაცია
ორსაათიან გაუგებარ დისკუსიას იწვევს ის, რაც პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებაა, რომ ყოველწლიურად წარდგეს პარლამენტის წინაშე და გააკეთოს მოხსენება. გაკვირვებული ვარ. ვერ გამოვიტანე დასკვნა, რატომ შეიძლება, ამას მოჰყოლოდა ამდენი დაპირისპირება პოლიტიკურ პარტიებს შორის, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ ბიუროს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დათანხმდება თუ არა პრეზიდენტი პარლამენტში 15 მარტს გამოსვლას, სალომე ზურაბიშვილთან უნდა გაიაროს კონსულტაციები.
„ბიუროს სხდომაზე დასმული იყო ერთადერთი საკითხი – ხვალ პრეზიდენტის მოხსენების მოსმენა გამართულიყო თუ არა. ამ საკითხს თითქმის ორი საათი დაეთმო. პრეზიდენტმა ბოლო პერიოდში ბევრი რამ გააკეთა იმისათვის, რომ ქვეყანაში შემცირებულიყო პოლარიზაცია და პროცესები დისკუსიის რეჟიმში ყოფილიყო. როცა ორსაათიან გაუგებარ დისკუსიას იწვევს ის, რაც პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებაა, რომ ყოველწლიურად წარდგეს პარლამენტის წინაშე და გააკეთოს მოხსენება, სიმართლე გითხრათ, ვერ გამოვიტანე აქედან დასკვნა, რატომ შეიძლება, ამას მოჰყოლოდა ამდენი დაპირისპირება პოლიტიკურ პარტიებს შორის.
რაც შეეხება იმას, 15 მარტს დათანხმდება თუ არა გამოსვლას, ამ საკითხზე მასთან უნდა გავიარო კონსულტაციები. ვერ გეტყვით, რომ პრეზიდენტი ისჯება, უბრალოდ, მიკვირს, როცა მას სიტყვა აქვს სათქმელი და არავინ იცის, რა მოხსენება უნდა გააკეთოს და ამაზე იყო ორსაათიანი მსჯელობა. მართლა გაკვირვებული ვარ. პრეზიდენტს რა აქვს სათქმელი და უნდა თქვას, ეს იცის მხოლოდ პრეზიდენტმა“, – განაცხადა გიორგი მსხილაძემ.
ცნობისთვის, დღეს ბიუროს სხდომა მთლიანად ერთი საკითხის განხილვას დაეთმო, მოუსმენდნენ თუ არა ხვალ პრეზიდენტის წლიურ ანგარიშს. “ქართულმა ოცნებამ” სალომე ზურაბიშვილს ალტერნატიულ თარიღად 15 მარტი შესთავაზა.