უკანონო აბორტებთან დაკავშირებით კანონი მკაცრდება
სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შედის, რის შედეგადაც უკანონო აბორტებთან დაკავშირებით კანონი მკაცრდება. კანონპროექტის ავტორი ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძეა. კანონპროექტის მიხედვით, უკანონო აბორტი ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომითი ვადით – 120-დან 300 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით – ერთიდან ორ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი უკანონო აბორტისთვის მსჯავრდებულის მიერ, ან რამაც გამოიწვია შვილოსნობის სამუდამო მოშლა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ორიდან ხუთ წლამდე. ხოლო უკანონო აბორტი, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ოთხიდან ექვს წლამდე.
დეპუტატ გიორგი კახიანის თქმით, საქართველოში უკანონო აბორტებთან დაკავშირებით შედარებით ლიბერალური დამოკიდებულება იყო, ამიტომ აუცილებელია კანონის გამკაცრება.
,,საერთაშორისო პრაქტიკას თუ გადავხედავთ, ამასთან დაკავშირებით საკმაოდ ლიბერალური მიდგომა იყო საქართველოში. რეალობიდან გამომდინარე, არის საჭიროება, მიდგომა კიდევ უფრო გამკაცრდეს. შესაბამისად, უკანონო აბორტის შემთხვევაში, რომელსაც ზიანი მოჰყვება, სანქციები უნდა გაიზარდოს. კანონი ითვალისწინებდა სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო ცვლილების მიხედვით გაიზრდება ორიდან ხუთ წლამდე”, – განაცხადა კახიანმა.