გია ვოლსკი: უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი უკრაინა, მისი პრეზიდენტი არ უნდა გამოვიწვიოთ რაღაც პოლემიკაში – ქედს ვიხრით უკრაინელი ხალხის წინაშე
უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი უკრაინა, მისი პრეზიდენტი არ უნდა გამოვიწვიოთ რაღაც პოლემიკაში. ქედს ვიხრით უკრაინელი ხალხის წინაშე, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილებას უკრაინის ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, საქართველო უკრაინას მხარს უჭერს როგორც ყველა საერთაშორისო პლატფორმიდან, ასევე, ახორციელებს ქმედით ჰუმანიტარულ დახმარებას.
„უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი უკრაინა, მისი პრეზიდენტი არ უნდა გამოვიწვიოთ რაღაც პოლემიკაში. ქედს ვიხრით უკრაინელი ხალხის წინაშე, მაგრამ ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ათასობით ადამიანია, ვინც დახმარებაში არის ჩართული. ჰუმანიტარული დახმარება მაქვს მხედველობაში, სისხლის ჩაბარება მაქვს მხედველობაში. ათასობით ადამიანია, ვინც ტანკის ლულას შეჰყურებს. საქართველოსგან მოითხოვო ისეთი ეკონომიკური რესურსის გამოჩენა, რომელიც მას არ გააჩნია, რადგან რუსეთის ფედერაციას სტრატეგიული ობიექტები ჩაუგდო ხელში ჩვენმა წინა ხელისუფლებამ, ეს არის შეუძლებელი, ვინაიდან ზიანი და დარტყმა მიადგება საქართველოს“, – განაცხადა ვოლსკიმ.