ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში ამერიკის ელჩთან კელი დეგნანთან. შეხვედრის თემას წარმოადგენდა უკრაინაში მიმდინარე ომი, არსებული უსაფრთხოების გარემო და პარტნიორების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობითვე, აშშ-ს ელჩმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრს უკრაინის მიმართ გამოხატული როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული მხარდაჭერისთვის.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა სტრატეგიულ პარტნიორთან მჭიდრო კოორდინაცია მიმდინარე პროცესების ფონზე.
“აშშ-სგან, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორისგან კიდევ ერთხელ მივიღე ურყევი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის მიმართ და შეფასებები, რომელიც მოჰყვა ჩვენს მხარდამჭერ განცხადებებს უკრაინასთან მიმართებით, აბსოლუტურად მხარდაჭერილი და გაზიარებულია აშშ-ის მიერ.”- აღნიშნა საქართველოს ვიცე-პრემიერმა შეხვედრის შეფასებისას.
კელი დეგნანმა საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდგომ განაცხადა, რომ “აშშ მიესალმება უკრაინის მიმართ საქართველოს მკაფიო მხარდაჭერას.”
ამერიკელმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, მათ შორის აღინიშნა უკრაინისთვის გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარების, ისევე როგორც საქართველოში მყოფი უკრაინელების მიმართ აღმოჩენილი მხარდაჭერის მნიშვნელობა.
„ასევე უნდა აღინიშნოს ქართველი ხალხის, ბიზნეს წრეებისა და მთავრობის მიერ უკრაინისთვის გაგზავნილი მნიშვნელოვანი დახმარება, ჰუმანიტარული დახმარების სახით, ასევე უკრაინელი მოქალაქეების, მათ შორის, თბილისში, საქართველოში მყოფი უკრაინელების მიმართ აღმოჩენილი მხარდაჭერა”, – აღნიშნა კელი დეგნანმა.
აშშ-ს ელჩი ასევე მიესალმა საგარეო უწყების მხრიდან მრავალმხრივ და ორმხრივ ფორმატებში უკრაინის მიმართ გამოხატულ მხარდაჭერას:
„ჩვენ უაღრესად მივესალმებით მინისტრ დავით ზალკალიანისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით გაკეთებულ მნიშვნელოვან განცხადებებს, ასევე მათ მიერ გაჟღერებულ მკაფიო მხარდაჭერას ისეთი მრავალმხრივი ორგანიზაციების ფარგლებში, როგორიცაა გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო, სადაც საქართველოს მხრიდან უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად გაკეთდა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები”, – აღნიშნა ელჩმა.