უკრაინული მედია: ხარკოვის რეგიონში ყველა შეტევა მოგერიებულია, მტერს დიდი დანაკარგები აქვს
ხარკოვის რეგიონში უკრაინელმა მეომრებმა რუსეთის ჯარის ყველა შეტევის მოგერიება შეძლეს, – ამის შესახებ ხარკოვის სამხარეო სამოქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.
მისი თქმით, განადგურდა მტრის ჯავშან-ტექნიკა და ხარკოვი უკრაინის კონტროლის ქვეშაა.
„მთელი ღამის განმავლობაში ჩვენი შეიარაღებული ძალები რუსული ჯარების შეტევას იგერიებდნენ, განადგურებულია მტრის ტექნიკა. ქალაქი მთლიანად ჩვენი კონტროლის ქვეშაა”, – განაცხადა ოლეგ სინეგუბოვმა.
მისი თქმით, 20-ზე მეტი დივერსანტი სკოლის ტერიტორიაზე ჩაკეტეს.
„დაკითხვისას მათ განმარტეს, რომ 3 დღე არ უჭამიათ, თიხის თხრილებში ეძინათ და არ ესმოდათ, რას აკეთებდნენ უკრაინის მიწაზე. ყველას უთხრეს, რომ წვრთნებზე იყვნენ და ამის შემდეგ უკრაინის ტერიტორიაზე შეტევა დაევალათ. ისინი ადასტურებენ, რომ ბევრი ჯარისკაცი უარს ამბობს ბრძოლაზე და მოკვლაზე“, – აცხადებს სინეგუბოვი.
სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა ასევე აღნიშნა, რომ იყო შემთხვევა, როდესაც 7 რუსი სამხედრო ერთ უკრაინელ ჯარისკაცს ჩაბარდა.
ამავდროულად, სინეგუბოვმა დასძინა, რომ რეგიონში დიდი რაოდენობითაა დივერსიული ჯგუფები. ასევე, არიან დაღუპული მცირეწლოვანი ბავშვები, ამიტომ, რეგიონში ე.წ. კომენდანტის საათი 1 მარტამდე გახანგრძლივდება და 15:00 საათიდან 06:00 საათამდე იმოქმედებს.