„მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მთავრობაში პროკურატურის გარდა არავის სცალია“
მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მთავრობაში პროკურატურის გარდა არავის სცალია, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საკუთარ ბლოგზე წერს. წულუკიანის განცხადებით, პროკურატურამ მხოლოდ გამოძიების შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გადაწყვიტა ბრალის წაყენება.
“საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილსა და მისი მთავრობის რამდენიმე მაღალჩინოსანს დღეს ბრალი წაუყენა. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, არცერთი თანამდებობა არ ნიშნავს იმუნიტეტს − ეს ასეა ყველა სამართლებრივ, კულტურულ და დემოკრატიულ სახელმწიფოში.
იმ მოქალაქეებს, მათ შორის ჟურნალისტებს, ვინც 7 ნოემბრის დარბევა საკუთარ თავზე იწვნია, ეჭვი მაშინათვე არ ეპარებოდათ, თუ ვინ გასცა უიარაღო მომიტინგეებისა და ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის ბრძანება. თუმცა, პროკურატურამ, არაერთი თვის დაკვირვებული მუშაობის შედეგად, მხოლოდ გამოძიების შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გადაწყვიტა ბრალის წაყენება. დღეს ჩვენ ყველამ ერთად შევიტყვეთ, რომ გამოძიება კონკრეტულ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიმდინარეობს და თავის ლოგიკურ დასასრულამდეც, იმედია, მივა.
მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მთავრობაში არავის სცალია, და არ უნდა ეცალოს, პროკურატურის გარდა. პროკურატურას აქვს ვალდებულება, კანონის წინაშე ყველას თანაბრად მოსთხოვოს პასუხი. ჩვენ კი გვაქვს ვალდებულება, მას გამოძიების მშვიდ პირობებში ჩატარების შესაძლებლობა მივცეთ. საბოლოოდ კი სასამართლო გადაწყვეტს, ვისი არგუმენტია უფრო წონადი. სასამართლო ამ მთავრობის პირობებში არის დამოუკიდებელი, რადგან მასზე აღმასრულებელი ხელისუფლება ზეწოლას არ ახორციელებს. უფრო მეტიც, იუსტიციის სამინისტროს ძალისხმევით, სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, ბოლო 18 თვის განმავლობაში არაერთი კანონი შემუშავდა.
ვიმედოვნებ, ამგვარად გათავისუფლებული სასამართლო მიუკერძოებლობასაც გამოიჩენს და არ ექნება წინასწარ შემუშავებული, რომელიმე მხარისადმი სასარგებლო პოზიცია. მიხეილ სააკაშვილი აღარ უნდა იყოს პირველი, მეორე ან მესამე თემა ჩვენს ცხოვრებაში. ის, როგორც ნებისმიერი მოქალაქე მსგავს სიტუაციაში, თავისუფლად შერჩეული ადვოკატის დახმარებით, დაიცავს თავის პოზიციებს. საკუთარ პოზიციებს დაიცავს პროკურატურაც. ჩვენ კი ვიყუროთ მომავლისაკენ, რომლის შენებასაც თითოეული მინისტრის და მოქალაქის მუხლჩაუხრელი შრომა სჭირდება და რომელიც ევროპული და თითოეულ მოქალაქეზე ორიენტირებული მომავალია. მომავლის მთავრობებისა და ქვეყნის სწორი განვითარებისათვის კი აუცილებელია, რომ კანონის წინაშე ყველა იყოს თანაბარი“, – წერს წულუკიანი.