დათო მაღრაძე: ღარიბაშვილმა საკუთარ ხალხს გულახდილად მიმართა იმ რისკების, საფრთხეების და იმ დიდი პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც პირადად მას აკისრია
ბატონმა ღარიბაშვილმა საკუთარ ხალხს გულახდილად მიმართა იმ რისკების, საფრთხეების და იმ დიდი პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც პირადად მას აკისრია, – ამის შესახებ პოეტმა დათო მაღრაძემ განაცხადა, რითაც უკრაინასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, პრემიერმა უკრაინელ ხალხს თანადგომა ძალიან მკაფიოდ გამოუცხადა.
პოეტი ახალგაზრდებსაც მიმართავს და ამბობს, რომ “პატრიოტიზმი საკუთარი ქვეყნის სიყვარულს ნიშნავს და არა სხვისი ქვეყნის სიძულვილს”.
„გაუგებარია, თუ რას საყვედურობენ საქართველოს პრემიერს, ინტერვიუს წინ თმა, რომ არ შეიღება და დოქტორ დოტს თავი რომ არ დააკბენინა? თუ message box-ის გატკეპნილი ფრაზებით პოპულისტური განცხადებები, რომ არ გააკეთა?
ბატონმა ღარიბაშვილმა გულახდილად მიმართა საკუთარ ხალხს იმ რისკების, საფრთხეების და იმ დიდი პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც პირადად მას აკისრია. ამ პირუთვნელ სიმართლეს კი, ჩვენი მოსახლეობა პოლიტიკოსებისგან გადაჩვეულია. რაც შეეხება ღირსების საკითხს, პრემიერმა უკრაინელ ხალხს ძალიან მკაფიოდ გამოუცხადა თანადგომა და გასცა მითითება, იმის შესახებ, რომ საქართველოს საელჩო უკრაინაში, ერთი იმ გამონაკლისთაგანია, ვინც ამ დიდი განსაცდელისას არ ტოვებს კიევს.
მადლობა ელჩს და საელჩოს თანამშრომლებს ამ სამაგალითო მხნეობისათვის.
ჩვენს საამაყო ახალგაზრდებს კი მინდა მივმართო და მოკრძალებით შევახსენო, რომ პატრიოტიზმი საკუთარი ქვეყნის სიყვარულს ნიშნავს და არა სხვისი ქვეყნის სიძულვილს“, – აცხადებს მაღრაძე.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებს არ შეუერთდება, რადგან ეს გადაწყვეტილება მხოლოდ დააზიანებს ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას. პრემიერმა განმარტა, რომ გადაწყვეტილება ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით მიიღეს.