ევროვიზია უკრაინის მოთხოვნას კონკურსიდან რუსეთის გაძევებაზე უარით პასუხობს – EBU საერთაშორისო სკანდალში გაეხვა

უკრაინელებმა ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ორგანიზატორებს ღია წერილით მიმართეს და მოსთხოვეს, რუსეთს 2022 წელს დაგეგმილ ფესტივალზე მონაწილეობის უფლება ოფიციალურად შეეზღუდოს. კოლექტიურ წერილში, რომელსაც ხელი საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებმა მოაწერეს, ნათქვამია, რომ „რუსეთმა უგულებელყო საერთაშორისო სამართალი, გაერო-ს წესდება და დაარღვია უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, შესაბამისად, მათ კონკურსში მონაწილეობა უნდა აეკრძალოთ“.

მიმართვას უკვე გამოეხმაურა ევროპის მაუწყებელთა კავშირი, ორგანიზაციის განცხადებით, ისინი შეშფოთებულნი არიან შექმნილი სიტუაციით, მაგრამ რუსეთის ფესტივალიდან გათიშვას მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ. მათი თქმით, ევროვიზია არა პოლიტიკური, არამედ კულტურული მოვლენაა.

„EBU შეშფოთებულია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებით და ყურადღებით დააკვირდება სიტუაციას”, – აღნიშნეს საერთაშორისო კონკურსის ორგანიზატორებმა.

Euro News Culture-ს ცნობით, ევროპის მაუწყებელთა კავშირის ეს პასუხი სკანდალის მიზეზი გახდა – ფინეთის ეროვნულმა მაუწყებელმა – Yle-მ ოფიციალურად განაცხადა, რომ თუკი რუსეთს კონკურსში მონაწილეობას არ აუკრძალავენ, მათი ქვეყანა ფესტივალს ბოიკოტს გამოუცხადებს.

ფინეთის მსგავსად 2022 წლის ევროვიზიაში მონაწილეობაზე უარს ბალტიისპირეთის ქვეყნებიც იტყვიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები