კვარაცხელიას მკვლელობის საქმის პროკურორი: ბრალდებულ პირთა სია, დიდი ალბათობით, გაიზრდება

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმის პროკურორის, გია შაიშმელაშვილის განცხადებით, დანაშაულის დაფარვაში ბრალდებული ირაკლი ბიბინეიშვილი გიორგი კავილაძესა და აკო ჭელიძეს უსაფრთხო ადგილზე გადასვლაში დაეხმარა.

როგორც მან ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა, საქმის მასალებიდან გამოიკვეთა, რომ ბიბინეიშვილი ინფორმირებული იყო მკვლელობის შესახებ.

„კონკრეტულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და წარმოდგენილია მოწმეთა ჩვენებები, რომლის მიხედვითაც ბრალდებულმა იცოდა, რომ ორივე ბრალდებულს ჩადენილი ჰქონდა ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობა, მასთან სახლში მივიდნენ და ამ ყველაფრის მიუხედავად, ბრალდებულმა მათ თავშესაფარი მისცა, დაეხმარა, რომ გარკვეული პერიოდი მასთან ეცხოვრათ და სამართალდამცავ ორგანოებს დამალვოდნენ. ამ ყველაფრის შემდეგ მან ბრალდებულებს ტაქსიც გამოუძახა და მისცა საშუალება, რომ სხვა, უსაფრთხო ადგილზე გადასულიყვნენ”, – განაცხადა შაიშმელაშვილმა.

ამასთან პროკურორის განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულ პირთა წრე “დიდი ალბათობით, გაიზრდება”.

შაიშმელაშვილის თქმით, ამ ეტაპზე გამოძიების მიერ კონკრეტული პირების მხილების მიზნით, დამატებითი მტკიცებულებების შეკრება მიმდინარეობს, ნაწილთან მიმართებაში კი უკვე დამატებითი ინფორმაციის მოძიებაც ხდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები