ბლინკენი დარწმუნებულია, რომ რუსეთი უკრაინის ხელისუფლების დამხობას შეეცდება
მე დარწმუნებული ვარ, პუტინი შეეცდება უკრაინის მთავრობის დამხობას, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ABC news-ს განუცხადა.
მისი თქმით, უკრაინელები მტკიცე წინააღმდეგობას გაუწევენ რუსეთის ყველა მცდელობას – წაართვას მათ თავისუფლება, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა.
„მე დარწმუნებული ვარ, პუტინი შეეცდება უკრაინის მთავრობის დამხობას. 2014 წლამდე, როდესაც რუსეთი პირველად შეიჭრა უკრაინაში და მოახდინა მისი ტერიტორიების ოკუპაცია, რუსეთი საკმაოდ პოპულარული იყო უკრაინაში. რუსეთის მოწონების რეიტინგი სადღაც 70% იყო. ამჟამად, საპირისპირო სურათია. ახლა უკრაინელების 90%-ს სძულს რუსეთი და, რა თქმა უნდა, ეზიზღება პრეზიდენტი პუტინი. ისინი მტკიცედ გაუწევენ წინააღმდეგობას რუსეთის ყოველგვარ მცდელობას, მათ სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და მთავრობა წაართვან.
არის თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ პუტინი უკრაინის ფარგლებს გასცდეს? რა თქმა უნდა, არის, მაგრამ რაღაც ძალიან ძლიერი დგას ამის გზაზე. ეს ნატოს მე-5 მუხლია. ეს ნიშნავს, რომ თავდასხმა ნატოს ერთ წევრზე არის თავდასხმა ნატოს ყველა წევრზე. პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ ჩვენ დავიცავთ ნატოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს. ვფიქრობ, ეს არის ყველაზე ძლიერი შემაკავებელი საშუალება პრეზიდენტ პუტინის უკრაინის ფარგლებს გარეთ გასვლის წინააღმდეგ“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.