“7 ნოემბრის საქმის ერთ-ერთი მოწმე აქციის დარბევის დროს დაჭრილ მეუღლეზე – ფეხი ჰქონდა კანზე ჩამოკიდებული, ორივე ძვალი დამსხვრეული, ჭრილობა არ ხორცდებოდა, დიდი შიში გავიარეთ”

2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე ერთ-ერთი მოწმე დაზარალებულის უფლებამონაცვლის ირინე თოდაძის განცხადებით, 7 ნოემბრის აქციის დროს, რიყის მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხში დაჭრილი მისი მეუღლის, ვახტანგ ინასარიძის დასახმარებლად მისულ ადამიანებს სპეცრაზმის წევრები უყვიროდნენ, რომ დაჭრილი ძირს დაეგდოთ.

„ჩემს მეუღლეს დაურეკეს და უთხრეს, რომ რიყეზე მიმდინარე აქციაზე ხალხი იყო მოწამლული ცრემლსადენი გაზით, რის შემდეგაც იგი მეგობრებთან ერთად მათ დასახმარებლად წავიდა. რიყის მიმდებარე ტერიტორიაზე, მას ფეხში მოხვდა ძალიან ძლიერი ძალის მქონდე ტყვია ე.წ. დუმ-დუმი, რაც მოგვიანებით უცხოელმა ექსპერტებმაც დაადასტურეს.

ფეხი ჰქონდა კანზე ჩამოკიდებული, ორივე ძვალი დამსხვრეული, ძალიან რთული პრეპარატების მიღება დასჭირდა, ჭრილობა არ ხორცდებოდა, დიდი შიში გავიარეთ. ვახტანგს ამის შემდეგ ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები და მინდა ვთქვა, რომ ჩემი მეუღლე ამ ტრავმებმა შეიწირა“ – განაცხადა სასამართლო პროცესზე ირინე თოდაძემ.

მოწმის თქმით, აღნიშნული ფაქტის შემდეგ, მის ოჯახს ემუქრებოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ გაჩუმებულიყვნენ. „2007 წლის 23 ნოემბერს აგარაკზე წავედი მამამთილთან, დამხვდა ფეხშიშველი, ტალახიანი ფეხებით იწვა ლოგინში, კისერი ჰქონდა დასერილი. 91 წლის კაცს მიაყენეს სასიკვდილო დაზიანებები. ჩემმა მამამთილმა თქვა, რომ ორი ადამიანი იყო მისული და დაემუქრნენ. ასევე, შვილის მიმართ იყო მუქარა, შემოგვითვალეს, შვილი ხომ გყავთო… გარდა ამისა, სამკურნალოდ წასვლა გვინდოდა და არაფრით არ გვიშვებდნენ“ – აღნიშნა ირინე თოდაძემ. მოწმემ ასევე ის დაზარალებულებიც გაიხსენა, რომლებიც 7 ნოემბრის აქციის დარბევის დროს საავადმყოფოში იმ დროს შეიყვანეს, როდესაც იქ მისი მეუღლე იწვა.

„ჩვენთან ერთად იწვა პატარა ბიჭი ნიკოლოზ დიდიშვილი, რომელსაც იგივე ტყვია კუნთში ჰქონდა მოხვედრილი და სასწაულებრივად გადარჩა, რომ ამპუტაცია არ ჩაუტარდა. გიორგი თევდორაშვილის შეყვანასაც შევესწარი შემთხვევით, მე ეს ბიჭები ავარიაში მოყოლილები მეგონა, თურმე აქციაზე ყოფილან. გიორგი თითქმის მკვდარი შეიტანეს, ეს მახსოვს“ – განაცხადა ირინე თოდაძემ. 7 ნოემბრის საქმეზე, ბრალდების მხარის 3 მოწმე დაიკითხა. სამივე მათგანი 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე დაზარალებულის სტატუსითაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები