კახა კახიშვილი: სააკაშვილი საქართველოში არ ჩამოვა და მასზე ინტერპოლით ძებნა გამოცხადდება

ეს არის პირველი სისტემური ტიპის დანაშაული, სადაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ ხდებოდა დანაშაულის დაგეგმვა და ჩადენა, – ასე შეაფასა იურისტმა კახა კახიშვილმა პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევის, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრის და არკადი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდების შესახებ, რის გამოც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა. როგორც კახიშვილმა „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, აღნიშნული საქმე საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღბის ცენტრში მოექცევა, ამიტომ პროკურატურას, სავარაუდოდ, მყარი მტკიცებულებები აქვს.
„ეს არის პირველი სისტემური ტიპის დანაშაული, სადაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ ხდებოდა დანაშაულის დაგეგმვა და ჩადენა. პროკურატურას, ალბათ, გააზრებული აქვს, რომ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება ამ საქმისკენ იქნება მიმართული და ბრალი გამყარებული აქვს უტყუარი მკიცებულებებით. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საერთაშორისო საზოგადების წინაშე დაისმება საკითხი, რომ ეს პოლიტიკური დევნაა, ამიტომ პროკურატურას მაქსიმალურად უტყუარი მტკიცებულებები უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა კახიშვილმა.
იურისტის ვარაუდით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ ჩამოვა და მასზე ინტერპოლით ძებნა გამოცხადდება.
„მიხეილ სააკაშვილი ალბათ არ ჩამოვა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შსაბამისად, საქართველოს პროკურატურამ ამ შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს მის მიმართ ძებნის გამოცხადება. შემდეგი ეტაპი იქნება საერთაშორისო ძებნის გამოცხადება ინტერპოლის მეშვეობით. აქედან გამომდინარე, პროკურატურას, ალბათ, აქვს მყარი საფუძველი, რომ ძებნა ცხადდება არა პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი მოტივებით“, – აღნიშნა კახა კახიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა. მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდების შესახებ დადგენილებები გამოტანილ იქნა ასევე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილისა და თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას მიმართ. უწყების ინფორმაციით, საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები