“ამას უკვე აზრი აღარ აქვს” – ბლინკენმა ლავროვთან შეხვედრა გააუქმა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს აღარ შეხვდება მას შემდეგ, რაც კრემლმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.
ამის შესახებ ბლინკენმა უკრაინელ კოლეგასთან, დიმიტრი კულებასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე თქვა.
ბლინკენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა ამას აზრი აღარ აქვს და ამ პოზიციას იზიარებენ შეერთებული შტატების მოკავშირეები.
მან ასევე დასძინა, რომ თუ რუსეთს სურს დიპლომატიაში დაბრუნება, მან ამის დემონსტრირება უნდა მოახდინოს, მაგრამ ახლა შეერთებული შტატები ამ სურვილს ვერ ხედავს.
პუტინის სიტყვების კომენტირებისას, რომ უკრაინამ ნატო-ზე უარი უნდა თქვას, ბლინკენმა აღნიშნა, საქმე ნატო-ში არ არის.
„საუბარია პუტინის სურვილზე, აღადგინოს რუსეთის იმპერია. ამიტომ, ნატო-ში გაწევრიანების საკითხი „უბრალოდ საბაბია უკრაინის რუსეთთან დასაკავშირებლად“, – განაცხადა მან.
ლავროვის და ბლინკენის შეხვედრა 24 თებერვალს უნდა გამართულიყო, ასევე, ცნობილი იყო, რომ ამ შეხმედრაზე ბაიდნეის და პუტინის სამიტის გამართვის თარიღზეც უნდა ყოფილიყო საუბარი.