ევროკავშირი რამდენიმე ასეული რუსი დეპუტატის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გეგმავს

ევროპის საგარეო მოქმედების სამსახურმა (EEAS) ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რუსეთისათვის სანქციების დაწესების წინადადება წარუდგინა.

წინადადება მოიცავს სანქციებს 27 ადამიანისა და სუბიექტის წინააღმდეგ, მათ შორის, პოლიტიკოსების, პროპაგანდისტების, სამხედრო პერსონალისა და ფინანსური ინსტიტუტების მიმართ, რომლებიც, ევროკავშირის ინფორმაციით, ლუგანსკსა და დონეცკში ე.წ. დამოუკიდებლობის “აღიარებაში” მონაწილეობდნენ.

ასევე, წინადადება ითვალისწინებს სანქციების დაწესებას რუსეთის დუმის 351 დეპუტატის წინააღმდეგ, რომლებმაც მხარი დაუჭირეს უკრაინის ორი ოკუპირებული რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის “აღიარებას”. სანქციები ასევე გათვალისწინებულია 11 დეპუტატისთვის, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიებზე რუსული ჯარების შეყვანის წინადადებით გამოვიდნენ.

უცხოური მედიის ცნობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობა მხარს უჭერს სანქციებს, მაგრამ შესაძლოა, მოსკოვთან ხანგრძლივი მჭიდრო კავშირების მქონე რომელიმე ქვეყანამ ვეტოს უფლება გამოიყენოს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები