ლევან იოსელიანი: პუტინმა საქართველო მხოლოდ ერთხელ ახსენა, მაგრამ ფაქტია, მის გამოსვლაში საქართველო მოიაზრებოდა, როგორც რუსეთის იმპერიის ნაწილი

მან [ვლადიმერ პუტინმა] საქართველო მხოლოდ ერთხელ ახსენა, მაგრამ ფაქტია, რომ მთელს მის გამოსვლაში საქართველო მოიაზრებოდა, როგორც რუსეთის იმპერიის ნაწილი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, პუტინის მთელი გამოსვლა აგებული იყო საბჭოთა კავშირისადმი ნოსტალგიაზე.

„რუსეთის პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება ადასტურებს, რომ რუსეთი იმ ტერიტორიებზე გაჩერებას, რომელთა „დამოუკიდებლობაც“ აღიარა, არ აპირებს. მისი გეგმები კიდევ უფრო შორს მიმავალია. პუტინის მთელი გამოსვლა აგებული იყო საბჭოთა კავშირისადმი ნოსტალგიაზე. მან საქართველო მხოლოდ ერთხელ ახსენა, მაგრამ ფაქტია, რომ მთელს მის გამოსვლაში საქართველო მოიაზრებოდა, როგორც რუსეთის იმპერიის ნაწილი. პუტინის გამოსვლამ დაგვანახა, რომ რუსეთი არ აპირებს გაჩერებას არც დონბასზე, არც სხვა ქალაქებზე, რადგან მისი მიზანია, აღადგინოს საბჭოთა კავშირი იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ის არსებობდა”, – აცხადებს იოსელიანი.

მისი თქმით, ერთადერთი გამოსავალი უკრაინის ძალიან პრინციპული მხარდაჭერა და დასავლელ პარტნიორებთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობაა.

“ერთადერთი სწორი გამოსავალია უკრაინის ძალიან პრინციპული მხარდაჭერა და დასავლელ პარტნიორებთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობაში ყოფნა, რათა რუსეთის აგრესიას ყველა მშვიდობიანი საშუალებით წინ აღვუდგეთ. ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ, უკრაინის თავისუფლება და სუვერენიტეტი, რამდენად არის გადაჯაჭვული საქართველოს თავისუფლებასთან და სუვერენიტეტთან. საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის მიმართ მეტი მხარდაჭერის დემონსტრირება მართებს, არ უნდა მოვერიდოთ რაღაცა ტიპის სიტყვების ხსენებას და რუსეთის მიმართ პოზიციონირებას ოკუპაციის ნაწილში“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები