გია ხუხაშვილი: ფაქტობრივად, ახლა დასავლეთი ფუნდამენტურ გამოცდას აბარებს – შეუძლია თუ არა კეთილდღეობაზე დროებით უარის თქმა თავისუფლების სახელით
“ყველაფერი ქართული სცენარით განვითარდა იმ განსხვავებით, რომ რუსეთმა ვერ შეძლო ომის “ცხელ ფაზაში” გადაყვანის პროვოცირება, რის შედეგადაც ბლიც-კრიგით გავიდოდა მინიმუმ დონბასის ადმინისტრაციულ საზღვარზე”, – ამის შესახებ ექსპერტი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ახლა დასავლეთი ფუნდამენტურ გამოცდას აბარებს – შეუძლია თუ არა კეთილდღეობაზე დროებით უარის თქმა თავისუფლების სახელით.
“ყველაფერი ქართული სცენარით განვითარდა იმ განსხვავებით, რომ რუსეთმა ვერ შეძლო ომის “ცხელ ფაზაში” გადაყვანის პროვოცირება, რის შედეგადაც ბლიც-კრიგით გავიდოდა მინიმუმ დონბასის ადმინისტრაციულ საზღვარზე. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ამის რისკი არ არსებობს. ჯერ კიდევ ბუნდოვანი რჩება, რა საზღვრებში მოხდა “აღიარება”. შესაბამისად, რუსეთმა დაიტოვა ომის დაწყებით “შანტაჟის” მანევრი დასავლეთთან.
რატომ იჩქარეს?
დასავლეთი განსაკუთრებით “სუსტია” რუსეთთან დაპირისპირებაში ზამთარში ენერგო დამოკიდებულებიდან გამომდინარე. გაზაფხულზე რუსეთთან რკინის კედლის აღმართვა ბევრად უფრო ადვილი იქნება, ხოლო შემდეგი სეზონისთვის ენერგო-უსაფრთხოების სისტემის გადალაგება შესაძლებელი.
ფაქტობრივად, ახლა დასავლეთი აბარებს ფუნდამენტურ გამოცდას – შეუძლია თუ არა კეთილდღეობაზე დროებით უარის თქმა თავისუფლების სახელით”, – წერს ხუხაშვილი.