იაპონია ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. დამოუკიდებლობას არ აღიარებს და მოსკოვის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების ამოქმედებას ემხრობა

რუსეთის ეს ქმედება მიუღებელია და საერთაშორისო სამართლის დარღვევაა, – ასე შეაფასა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოშიმასა ჰაიაშიმ რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების ე.წ. სახალხო რესპუბლიკებად აღიარება და განაცხადა, რომ იაპონია თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობას არ ცნობს.

მისივე თქმით, ტოკიო მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოებასთან კოორდინაციას გეგმავს.

„რუსეთის ეს ქმედება მიუღებელია და საერთაშორისო სამართლის დარღვევაა. ჩვენი ქვეყანა დააკვირდება სიტუაციას და შეუერთდება „დიდი შვიდეულისა“ და საერთაშორისო თანამეგობრობის მკაცრ რეაგირებას, რომელიც სანქციებს მოიცავს”, – განაცხადა ჰაიაშიმ.

ამასთან, უკრაინაში იაპონიის საელჩომ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც იაპონიის მოქალაქეებს ქვეყნის სასწრაფო დატოვებისკენ მოუწოდებენ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთებული მიმართვისას გამოაცხადა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები