პროკურორი: სააკაშვილმა დაზარალებულებს დღესაც არ მოუსმინა, თორემ საკუთარი თვალით იხილავდა თავისი ნამოქმედარის შედეგებს
დღევანდელ სასამართლო პროცესზე სააკაშვილმა დაზარალებულებს კვლავ არ მოუსმინა, თორემ საკუთარი თვალით იხილავდა თავისი ნამოქმედარის შედეგებს, თუ რა მძიმე ტრავმები მიიღეს ამ ადამიანებმა, – ამის შესახებ პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პროკურორის განმარტებით, ბრალდების მხარე ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ 7 ნოემბრის ქმედებებზე ყველამ პასუხი აგოს იმ მძიმე ბრალდებებზე, რაც ათეულობით დაზარალებულის წინაშე მიუძღვით.
“დღეს დაიკითხნენ ის პირები, რომლებიც დაზარალდნენ და დაინვალიდდნენ იმ მძიმე ტრავმების ფონზე, რომელიც 7 ნოემბერს მიიღეს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე სააკაშვილმა დაზარალებულებს კვლავ არ მოუსმინა, თორემ საკუთარი თვალით იხილავდა თავისი ნამოქმედარის შედეგებს, თუ რა მძიმე ტრავმები მიიღეს ამ ადამიანებმა. თუმცა, სააკაშვილმა თავი აარიდა მტკიცებულებების განხილვას, ამ ადამიანების დაკითხვის მოსმენას და მხოლოდ პოლიტიკური ხასიათის განცხადებით შემოიფარგლა”, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.