ქართული ქორეოგრაფიული საგანძურის გადასარჩენად ფოლკლორის ცენტრი ინიციატივით გამოდის
ბოლო დროს ქართული ცეკვის მიმართ უდიერი დამოკიდებულების გახშირებასთან დაკავშირებით, ფოლკლორის ცენტრი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც კულტურის სამინისტროც აზიარებს.
„ქართული ცეკვა ქართულ მრავალხმიან სიმღერასთან ერთად ჩვენი კულტურის განუყოფელი და ფასდაუდებელი საგანძურია.
სამწუხაროდ, ბოლო დროს გახშირდა ქართული ცეკვის მიმართ უდიერი დამოკიდებულება, რაც ზოგიერთ შემთხვევაში შეურაცხყოფაშიც კი გადაიზარდა. კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ მსგავს ფაქტებს, უხეშ ჩარევებს და პლაგიატს ადგილი აქვს საზღვარგარეთ მოღვაწე ქორეოგრაფებისგან.
ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ინიციატივით გამოდის, ქართული ქორეოგრაფიული საგანძურის გადასარჩენად დაიწყოს ყველა იმ პროცედურის გავლა, რაც მიგვიყვანს იუნესკოს მიერ ქართული ხალხური ცეკვის საერთაშორისო აღიარებამდე და არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსის მინიჭებამდე.
ამისთვის საჭიროა უძველესი ქართული ქორეოგრაფიული ნიმუშების კვლევა, აღნუსხვა.
ფოლკლორის ცენტრი მზადყოფნას გამოთქვამს, ჩაატაროს ექსპედიციები და ყველა საჭირო მოსამზადებელი სამუშაო, რათა მომავალში აღარ განმეორდეს ქართული ცეკვის შებღალვა და მომავალ თაობებს შევუნარჩუნოთ ჩვენი კულტურა, რაც წინაპრებისგან ხშირად საკუთარი სისხლის ფასად გადმოგვეცა“, – აღნიშნულია ფოლკლორის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.